"მშენებლობა განვადებით“ პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა გუდაურის ალტერნატიული წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის “მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა გუდაურისთვის სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ელ ჯორჯიას" დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ მოაწერეს.

„პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ზამთრის სეზონზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც კურორტზე მოსახლეობისა და დამსვენებლთა მზარდი რაოდენობისთვის ალტერნატიული წყალმომარაგების რესურსი შეიქმნება, რაც დაბა გუდაურისთვის უწყვეტ რეჟიმში ხარისხიანი წყლის მიწოდებას სრულად უზრუნველყოფს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.