ანაკლიის პორტის მთავრობის თანამონაწილეობით აშენებას ეკონომისტების 11% ძალიან უარყოფითად აფასებს, ძალიან დადებითად კი არავინ - PMC

2023 წლის I კვარტალში მათ მიერ გამოკითხული ქართველი ეკონომისტების მოლოდინი, ქვეყანაში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უარყოფითია - ამის შესახებ კვლევას pmc აქვეყნებს.

კვლევითმა ორგანიზაციამ 60 ექსპერტი გამოკითხა სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე. მათ შორის იყო ანაკლიის პორტის მთავრობის თანამონაწილეობით აშენება.

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ მთავრობის მონაწილეობით შემუშავდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. კერძოდ, დაგეგმილია, რომ პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ხოლო მეორე ნაწილი ტენდერით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემა.

კვლევაში ეკონომისტებმა ეს გადაწყვეტილება შეაფასეს. უმეტესობა რესპონდენტებისა - 39% არ არის დარწმუნებული, როგორ შეაფასოს ეს გადაწყვეტილება. იმ ეკონომისტების წილი კი, ვინც გადაწყვეტილებას დადებითად ან უარყოფითად აფასებს, ტოლი - 17-17%-ია. აღსანიშნავია, რომ არცერთი გამოკითხული ეკონომისტი არ აფასებს გადაწყვეტილებას ძალიან დადებითად, 11% კი მას ძალიან უარყოფითად აფასებს.

თამარ მუკბანიანი