HSBC ბანკმა Silicon Valley Bank-ის ბრიტანულ განყოფილება 1 ფუნტად იყიდა

HSBC Holdings Plc ამერიკული გაკოტრებულად გამოცხადებული Silicon Valley Bank-ის გაერთიანებული სამეფოს განყოფილებას ყიდულობს. HSBC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის Silicon Valley Bank UK-ში 1 ფუნტს იხდის.

"გარიგებას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბიზნესისთვის ბრიტანეთში. SVB UK კლიენტებს შეუძლიათ განაგრძონ ბანკის ჩვეული გამოყენება, სრული დარწმუნებით, რომ მათი დეპოზიტები გარანტირებულია HSBC-ის სტაბილურობითა და უსაფრთხოებით", - განაცხადა HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელ ქუინმა.

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც აშშ-ს მარეგულირებლებმა გამოაცხადეს Silicon Valley Bank-ის გაკოტრების შესახებ, ინგლისის განყოფილებამ გამოაცხადა, რომ ისიც იძულებულია გამოაცხადოს თავისი ბრიტანეთის განყოფილება გადახდისუუნაროდ.

SVB UK, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს უმსხვილეს ბანკებთან შედარებით მცირე ბანკია, დიდ როლს თამაშობს სტარტაპებისთვის. ამიტომ, ქვეყნის მთავრობა ცენტრალურ ბანკთან და უამრავ სხვა მარეგულირებელთან ერთად მთელი შაბათ-კვირა ეძებდა მისაღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დაიცავდა SVB UK ბანკის მომხმარებლებს პოტენციური პრობლემებისგან - წერს Financial Times.

FT წყაროს ცნობით, SVB UK-ის შესყიდვის მსურველებს შორის ასევე იყვნენ ინვესტორი ახლო აღმოსავლეთიდან, ბრიტანული კომპანია OakNorth-ი და „ლონდონის ბანკი“.

SVB UK-ს დაახლოებით 3,3 ათასი კლიენტი ჰყავს ბრიტანეთში, რომელთა შორის არიან სტარტაპები.

ცნობისთვის, კალიფორნიის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტმა Silicon Valley Bank 10 მარტს დახურა და მის მმართველ ადმინისტრატორად დანიშნა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC). ეს იყო ყველაზე დიდი საბანკო კოლაფსი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც გაკოტრდა Washington Mutual Inc. ბანკი.

Silicon Valley Bank არის რიგით მე-16 უმსხვილესი ბანკი აშშ-ში, რომლის ძირითადი კლიენტები არიან სტარტაპები.

კოკა კვირკველია