პომიდვრები ევროპის მწვერვალიდან

"ვინ იფიქრებდა, რომ ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე,

სადაც ხეც კი არ იზრდება, კიტრი და პომიდორი იხარებდა"

- სათბურებიც გვაქვს და ძალიან გემრიელი კიტრი და პომიდორიც მოგვყავს. თურმე შეიძლება უშგულში მოსავლის მოყვანა - ეს სათბურები 5-6 წლის წინ შვეიცარიელებმა გაგვიკეთეს. ამ ხალხმა დიდი ხანია იცის, რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, - ამბობს თეიმურაზ ნიჟარაძე, - ვინ იფიქრებდა, რომ მესტიის სოფელ უშგულში, ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, სადაც ხეც კი არ იზრდება, კიტრი და პომიდორი იხარებდა. თანაც, ისეთი გემრიელი, მარტო უშგულელები კი არა, მსოფლიოს მნახველი უცხოელებიც კი გაეოცებინა.

უშგულში რომ შვეიცარიელებს სათბურები მოეწყოთ, ამაზე ორგანიზაცია "პრომესტია საქართველომ" იფიქრა. მისმა ხელმძღვანელებმა - ზურაბ კარბელაშვილმა და ზურაბ ბაიაშვილმა სვანეთზე შეყვარებულ შვეიცარიელ ცოლ-ქმარს, ელსბეტ და მარკუს როტლებერგერებს სთხოვეს, რომ ულამაზეს და უნიკალურ სოფელში, სადაც მოსავალი არ მოდიოდა, სათბურები მოეწყოთ. პირველი სათბური თეიმურაზ ნიჟარაძის ეზოში დადგეს... "და 300 კილო პომიდორი მოვიდა. ეს იყო საოცრება, - უშგულში პომიდვრის მოყვანა ისტორიას არ ახსოვს! ამის მერე აქ კიდევ 16 მიკროსათბური გავაკეთეთ და უშგულმა ამოისუნთქა!" - ამბობს ზურაბ ბაიაშვილი, - გამოუცდელობის გამო თემურაზის სათბური ყველაზე შეუხედავი იყო, მაგრამ სწორედ ამ "შეუხედავმა" მოახდინა სენსაცია. ახლა ამ ოჯახს უკვე 2 სათბური აქვს".

თეიმურაზ ნიჟარაძე: - მკაცრ გარემოში ვცხოვრობთ, ზამთარში თვეობით მესტიასაც ვწყდებით და ჩვენი მარჩენალი ცხვარ-ძროხა გახლავთ. დაახლოებით 50 წლის წინ, მახსოვს, პატარა ბოსტნები გვქონდა, ქინძისა და ოხრახუშის კვლებით, რომელიც სექტემბერშივე იყინებოდა. არა მგონია, ისტორიულად თუნდაც მსგავსი ბოსტნები გვქონოდა. უშგულში კოლმეურნეობა მხოლოდ 50-იან წლებში ჩამოყალიბდა.

- არადა, კოლექტივიზაცია საქართველოს სოფლებში 30-იან წლებში უკვე დასრულებული იყო.

- მამაჩემს აქვს ნათქვამი, 30-40-იან წლებში მაგ საქმისთვის უშგულშიც ამოვიდნენ, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ მთები და საძოვრები რომ ნახეს, აქ საკოლმეურნეო არაფერიაო, თქვეს და წავიდნენ. მაგრამ 50-იან წლებში მაინც მოგვაკითხეს, - ყველგან კოლმეურნეობაა, რას ჰქვია, უშგულში არ იყოსო. ხალხს მამაპაპეული სახნავი მიწები წაართვეს და ყველაფერი ერთმანეთში აირია. ერთი სიტყვით,

კოლმეურნეობამ ჩვენში 40 წელიწადსაც ვერ გაძლო. სახნავი მიწები კი უშგულში მხოლოდ 14 ჰექტარია და ახლა მათი განაწილება ისევ მამაპაპეული ადათებით დავიწყეთ.

დღეს უშგულში 70 ოჯახი ცხოვრობს და 270 ადამიანი ვართ ქალიან-კაციანად. უშგულში ახლა ხალხი გვემატება. ტურიზმიც მოგვეძალა. 70 წელს მიტანებულმა შვეიცარიელებმა გაგვიკეთეს სათბურები და ამით უშგულში ყველაფერი შეცვალეს.

კიტრისა და პომიდვრის გარდა სათბურში შუა მარტიდან ვთესავთ მწვანილს, ბროკოლის, ყვავილოვან კომბოსტოს. აპრილის ბოლოდან ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის ჩითილები გარეთ გაგვაქვს.

ეს დიდი შეღავათია - ვიტამინების შემცველი პროდუქტები ზაფხულშიც კი გვაკლდა, მხოლოდ 2 თვე, ივლისი და აგვისტო გვაქვს თბილი, მერე კი ისეთი სიცივე იწყება, მწვანე ფოთოლს კი არა, ადამიანს უჭირს გარეთ გაჩერება.

- კიტრსა და პომიდორს როდისღა რგავთ სათბურებში?

იხილეთ სრულად