SVB-ის კოლაფსის შემდეგ გლობალური ფინანსური აქციები 465 მილიარდი დოლარით გაუფასურდა

გლობალური ფინანსური აქციების საბაზრო ღირებულება სულ რაღაც 2 დღეში 465 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც Silicon Valley Bank-ის (SVB) კოლაფსითაა გამოწვეული. ნიუ-იორკიდან იაპონიამდე ინვესტორები ბანკებში საკუთარ აქტივებს ამცირებენ.

ხუთშაბათს აზია-წყნარი ოკეანის MSCI ფინანსური ინდექსი 2.7%-ით შემცირდა და 29 ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 8.3%-ით შემცირდა Mitsubishi UFJ Financial Group Inc.-ის ღირებულებაც იაპონიაში, სამხრეთ კორეის Hana Financial Group Inc. 4.7%-ით, ხოლო ავსტრალიური ANZ Group Holdings Ltd. 2.8%-ით გაუფასურდა.

SVB-ის კრახის შემდეგ არსებობს რისკები, რომ ამ ამბავს გავლენა ექნება ფირმების ინვესტიციებზე ობლიგაციებში და სხვა ინსტრუმენტებზე.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად ამერიკული რეგიონული ბანკები დაზარლდნენ, KBW რეგიონული საბანკო ინდექსი ამჟამად 2020 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მეტად, 7.7%-ითაა შემცირებული. MSCI-ს ინდექსში შემავალი ბანკებიდან ყველაზე მეტად, 73%-ით ამერიკული First Republic Bank-ის აქციები გაუფასრუდა.

იკლებს ევროპული ბანკების და სადაზღვევოების აქციების ღირებულებაც. მაგალითად, Credit Suisse AG-ის აქციები რეკორდულად, 15%-ით გაუფასურდა, ხოლო ბონდების დეფოლტისგან დაზღვევის ხარჯებმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ში სიდიდით მე-16 ბანკი - Silicon Valley Bank გაკოტრდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია ტექნოლოგიურ სამყაროში და ყველაზე მსხვილი კრედიტორია, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კრახი განიცადა. ეს ასევე მეორე უმსხვილესი საბანკო კოლაფსია აშშ-ს ისტორიაში. მისი კოლაფსის შემდეგ კი შოკურმა ტალღებმა მთლიანად ტექნოლოგიური ინდუსტრია, უოლ სტრიტი და ვაშინგტონი მოიცვა.

Silicon Valley Bank-ის გაკოტრება ზრდის გასულ კვირაში კიდევ ერთი კრიპტობანკის, Silvergate Capital Corp-ის გაკოტრებით დაწყებულ მღელვარებას. მართალია, SVB-ის აქტივები აშშ-ს სხვა მსხვილ ბანკებთან შედარებით მცირეა და 209 მილიარდ დოლარს შეადგენს, განსხვავებით JPMorgan-ის 3 ტრილიონისგან, თუმცა მისმა კრახმა მაინც გააჩინა ეჭვები, რომ შიშები სხვა ბანკების მომხმარებლებსაც გაუჩნდებოდათ.

დანარჩენ ბანკებზე ეფექტის გავრცელების შეჩერებისთვის აშშ-ს ფინანსურმა რეგულატორებმა ზომების მიღება უკვე დაიწყეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა კლიენტს საკუთარ დეპოზიტებზე წვდომა უკვე დღეიდან, ორშაბათიდან ექნება.

ამბავს ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამერიკელ ხალხსა და ბიზნესებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, რადგან მათი საბანკო დეპოზიტები ადგილზე იქნება, როდესაც ის მათ დასჭირდებათ“.

კახი ჩაკვეტაძე