4 ბანკი ზარალზეა - როგორია ბანკების 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლები

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2022 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 15 კომერციული ბანკიდან ზარალზე 4 ბანკი - „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა“ და „პაშა“ ბანკია. შეგახსენებთ, რომ „ვითიბი“, „პაშა“ და „სილქ“ გასული წლის 3 კვარტლის მაჩვენებლითაც ზარალზე გავიდნენ.

ანგარიშგებების მიხედვით, 2022 წელს მოგებაზე გავიდა მათ შორის ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში 967 251 772 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 1 249 653 307 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-4 კვარტალის მონაცემებით, 924 342 950 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 1 275 062 441 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების 2022 წლის მოგების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ბაზისბანკი“ - 53 210 417 ლარი;
  • „სილქ ბანკი“ - -2 883 983 ლარი (ზარალი);
  • „კრედო ბანკი“ - 30 662 512 ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ - 46 386 743 ლარი;
  • „ჰალიკ ბანკი“ - 10 105 451 ლარი;
  • „ტერა ბანკი“ - 27 859 725 ლარი;
  • „ლიბერთი ბანკი“ - 66 939 612 ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - -2 131 967 ლარი (ზარალი);
  • “პეისერა ბანკი საქართველო“ - -269 855 ლარი (ზარალი);
  • „პროკრედიტ ბანკი“ - 46 056 825 ლარი;
  • „ვითიბი ბანკი“ - -51 303 739 ლარი (ზარალი);
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ - 6 102 205 ლარი;
  • „იშ ბანკი საქართველო“ - 16 734 547 ლარი.

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

თაია არდოტელი