ბაიდენის ადმინისტრაციამ ალიასკაში ConocoPhillips-ის მასიურ პროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ორშაბათს დაამტკიცა ნავთობმოპოვების განვითარების - ConocoPhillips-ის მასიური პროექტი ალასკაში - იუწყება AP.

როგორც პროექტის შემქმნელი ConocoPhillips იტყობინება, გეგმა, სახელწოდებით Willow, ითვალისწინებს სამუშაოების მიმდინარეობისას სამ საბურღ ადგილზე 2500-მდე ადამიანის დასაქმებას და 300-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გრძელვადიან პერსპექტივაში.

სააგენტოს ცნობით, გარემოსდაცვითი აქტივისტები ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულნი არიან. მათი თქმით, ამ პროექტის დამტკიცებით ბაიდენი არღვევს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემულ დაპირებას, რომ უარი თქვას ახალ ბურღვით პროექტებზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.

ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი დემოკრატიული პარტიის ზომიერი ფრთისკენ, რომელიც ადმინისტრაციის ენერგეტიკულ პოლიტიკას ზედმეტად რადიკალურად თვლიდა. ამერიკული მედია ხაზს უსვამს იმას, რომ ბაიდენს, რომელიც სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მეორე ვადით კენჭისყრაზე, მხარდაჭერა დასჭირდება, მათ შორის ზომიერი დემოკრატი პოლიტიკოსების მხრიდან.

ამავდროულად, შტატის ხელისუფლება დადებითად არის განწყობილი პროექტის მიმართ და ცოტა ხნის წინ შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა მდივანთან, დებ ჰალანდთან, რათა მოუწოდოს მას მხარი დაუჭიროს ამ პროექტს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს ქვეყანაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

კოკა კვირკველია