გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი 99,9%-ით შემცირდა

ევროკავშირის ემბარგოს მეორე ეტაპის ამოქმედების შემდეგ გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი, თითქმის, შეწყდა. ინფორმაციას გამოცემა Tagesschau ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში გერმანიამ მხოლოდ 3500 ტონა რუსული ნავთობი მიიღო, მაშინ, როცა 2022 წლის იანვარში, ანუ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე ერთი თვით ადრე, იმპორტის მოცულობამ 2,8 მლნ ტონა შეადგინა.

ქვეყნის სტატისტიკის სამსახური აცხადებს, რომ „ემბარგოს შედეგად რუსეთიდან ნავთობის იმპორტი პრაქტიკულად შეჩერებულია, რაც არითმეტიკულად 99,9%-ით შემცირდა.“

2022 წლის იანვარში გერმანიის ნავთობის მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 36,5%-ს შეადგენდა, რაც ამჟამად 0,1%-მდე დაეცა.

იანვარში ქვეყნის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერმა დაადასტურა, რომ გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსული ენერგიის იმპორტზე. მინისტრის თქმით, გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მთლიან დივერსიფიკაციას მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ