იმპორტის შენარჩუნება, წისქვილების ამუშავება, ადგილობრივი ხორბლის წარმოების გაზრდა - მთავრობა 3 ვარიანტზე მუშაობს

3 ვარიანტი გვაქვს, საიდანაც საბოლოოდ ხელისუფლება აარჩევს და დააბალანსებს იმ შესაძლებლობას, რომ თითოეულმა სეგმენტმა თავის ადგილი ნახოს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ საბაჟო გადასახადის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში წისქვილებს უკვე მეორედ მოუწიათ მუშაობის შეჩერება. მიზეზი კვლავ ის არათანაბარი პირობებია, რაც ხორბლისა და ფქვილის საბაჟო გადასახადს შორის არსებობს.

როგორც ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, დღევანდელი რეალობა არა მხოლოდ წისქვილებს, მთელს საწარმოო ჯაჭვს საფრთხეს უქმნის.

„როგორც ყოველთვის, სამინისტრო ახლაც ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას სამივე სექტორზე, ეს არის ხორბლის წარმოება, მისი გადამუშავება და პურის ცხობა. ჩვენ ვართ მუდმივ დიალოგში თითოეულ მიმართულებასთან. ჩვენი უმთავრესი თემაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაიზარდოს ადგილზე ხორბლის წარმოება, რომ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელიც გავზარდოთ. ბუნებრივია, სახელმწიფოს ინტერესშია, რომ აქ წარმოებული ხორბალ გაიყიდოს მისაღებ ფასად.

უბრალოდ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამე, მსოფლიოში ხორბლის ფასს არ განსაზღვრავს საქართველოს ბაზარი, ეს არის მსოფლიო ბაზრის ობიექტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ფასზე და ზოგადად მიწოდებაზე, გავლენას ახდენს ის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან შემოიღო ექსპორტის გადასახადი, რამაც ძალიან დიდი ასიმეტრია მოგვცა გადასამუშავებლად შემოტანილ ხორბალსა და ფქვილის ფასს შორის. ის სხვადასხვა მოდიფიკაციას ახდენს იმის მიხედვით, მისი ინტერესებისთვის როდის როგორ არის საჭირო.

ჩვენ ყოველთვის გვქონდა პრიორიტეტი და ერთი ასეთი ფორმულა იყო, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მიეღო პური მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად.

მე მინდა, საქართველოს მოსახლეობას და ზოგადად, ამ სექტორით დაინტერესებულ ყველა ადამიანს შევახსენო, რომ საქართველოში პურის ფასის განსაზღვრისთვის დინამიკა მაღალი იყო მაშინ, როდესაც რუსეთშიც ფქვილის ფასი იზრდებოდა. შემდეგ, როდესაც მსოფლიო ბაზარზეც ფასმა მიაღწია 450-500 დოლარს, იმ პერიოდისთვის იმ საფასო პოლიტიკით განისაზღვრა პურის და ფქვილის ფასიც. შემდეგ მსოფლიოში დაიწყო ხორბალზე ფასის კლება, ეს შეეხო, როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების პროდუქტს. დღეისთვის ხორბალზე მსოფლიო ფასი მერყეობს სადღაც 300 დოლარის ფარგლებში. ზუსტად ამ საფასო პოლიტიკიდან ფორმირდება ხორბლის გასაყიდი ფასი ადგილობრივ ბაზარზეც, რომელიც ბუნებრივია, იმაზე ნაკლებია, ვიდრე იყო იმ პერიოდში, როდესაც ხორბალი 400 -450 დოლარი ღირდა, თუმცა ამავე დროს, ხორბლის გაყიდვას ხელს უშლის ის, რომ წისქვილები არ მუშაობენ. წისქვილმა რომ იმუშაოს, მის მიერ წარმოებული ფქვილი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი იმპორტირებულ ფქვილთან. სწორედ ეს სხვაობა არის ძალიან დამღუპველი.

დღეისთვის შეიძლება ითქვას, რომ ნონსენსია, მაგრამ, 1 ტონა ფქვილი უფრო იაფად შემოდის ქვეყანაში, ვიდრე 1 ტონა ხორბალი. ამან გამოიწვია ის, რომ წისქვილები საერთოდ ვეღარ მუშაობენ.

ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე და იმედი მაქვს, მთავრობის გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება. უკვე შეგვიძლია, არსებული საფასო პოლიტიკის პირობებში (რომელიც პურზე არის ჩამოყალიბებული), მოხდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დააბალანსებს ფქვილის იმპორტის და ხორბლის შემოტანას ისეთი მდგომარეობით, რაც საშუალება მოგვცემს, შევინარჩუნოთ იმპორტირებული ფქვილიც, ადგილზეც ვაწარმოოთ, ანუ წისქვილები ამუშავდნენ, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს, რომ ადგილზე გაყიდონ ხორბალი.

ეს არის 3 დადგენილების თემა. 3 ვარიანტი გვაქვს, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, რომელს აარჩევს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი არგუმენტები. ეს არის ვარიანტები, საიდანაც საბოლოოდ ხელისუფლება აარჩევს და დააბალანსებს ამ შესაძლებლობას, რომ თითოეულმა სეგმენტმა თავის ადგილი ნახოს.

დღეს, ცალსახად, ყველაფერი გადაიხარა იქით, რომ წისქვილებს არანაირი სუნთქვის საშუალება არ აქვთ. იყო პერიოდი, როდესაც წისქვილების ინტერესი ილახებოდა, მაგრამ მათ გარკვეული საშუალება ჰქონდათ, რომ ემუშავათ, მიეწოდებინათ სექტორისთვის პირველი ხარისხის ფქვილი, ნაკლები რაოდენობით უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ქატო ყოფილიყო წარმოებული და ა.შ. მიმდინარე ეტაპზე ეს არის აბსოლუტურად კრიტიკული. დღეს არის შესაძლებლობა, რომ ეს სამივე კომპონენტი დაკმაყოფილდეს“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ნინი ქეთელაური