„ჩვენ გვაქვს თაფლი, მაგრამ არა იმ სტანდარტების, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“

„ჩვენ გვაქვს თაფლი, მაგრამ არა იმ სტანდარტების, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,“ - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ 2023 წლის მაისამდე ქართული თაფლი ექსპორტზე აღარ გავა.

როგორც ალეკო პაპავამ რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიზეზი ბაზარზე თაფლის დეფიციტია, რაც გასული წლის დიდმა მოთხოვნამ განაპირობა.

„მარაგების არ არსებობაზე არ არის საუბარი. ჩვენ გვაქვს თაფლი, მაგრამ არა იმ სტანდარტების, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ მეფუტკრეთა ასოციაციებთან, დაგვყავს გამოფენებზე, შეგვაქვს მეტი ცოდნა, რათა მივიღოთ უვნებელი თაფლი.

ვაწარმოებთ 3 ათას ტონაზე მეტ თაფლს, ექსპორტზე გავიტანეთ 300 ტონა, იმიტომ, რომ მეტი თაფლი ვერ მოიძებნა ისეთი, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

მიზეზი, რატომაც ვერ ვაკმაყოფილებთ სტანდარტებს, არის დაავადებები, ანტიობიოტიკების გამოყენება და ა.შ. ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავალთ მსოფლიო ბაზარზე თაფლით, რომელშიც ანტიბიოტიკი იქნება“, - აღნიშნა ხანიშვილმა.

თაია არდოტელი