”შავი დეკლარაციების” გამო მოქალაქეებმა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარი მიიღეს

დეკლარაციის შევსებისას, მოქალაქეებს, რომელთა წლიური შემოსავალი 6000 ლარს ან უფრო ნაკლებს შეადგენს, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარი ეთქვათ.

მიზეზად კი, შემოსავლების სამსახურში დამსაქმებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში შეუსაბამობა სახელდება. (ე.წ. შავი დეკლარაციები) ამ პრობლემის წინაშე ბევრი ადამიანი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რა უნდა ქნას დამსაქმებელმა და დასაქმებულმა ასეთ შემთხვევაში?  - როგორც bpn.ge-ს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, დამქირავებლის მიერ გადახდის წყაროსგან დაკავებული გადასახადების დაკლარაციისა და საანგარიშო თვის მიხედვით, მონაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს.

"შეუსაბამობის შემთხვევაში, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით. თუ პირს უარი ეთქვა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით სარგებლობაზე, დამქირავებლის მიერ არასწორად წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში დაქირავებულმა უნდა მიმართოს დამქირავებელს. თუ დამქირავებელი წარდგენილ დეკლარაციაში ცვლილებას განახორციელებს, პირს საშუალება მიეცემა ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით და წარმოადგინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაცია. დამქირავებელს ხელახალი დეკლარაციის წარდგენა შეეძლება არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ეს ინფორმაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

თიკო გურაშვილი