7 აპრილს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა იკრძალება

7 აპრილს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 აპრილს, ღამის 01:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით. რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.