კახა კალაძე - დედაქალაქში პრობლემური საგზაო კვანძების მოწესრიგების სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს

დედაქალაქში პრობლემური საგზაო კვანძების მოწესრიგების სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 18 მარტიდან სამუშაოები დაიწყება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: ქეთევან დედოფალის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის კვეთა; მოსკოვის გამზირისა და მეველის ქუჩის კვეთა; მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია; ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთა.

მისივე თქმით, აღნიშნული საგზაო კვანძებზე მოეწყობა ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლები. კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირისა და კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან, ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოეწყობა ავტობუსის ზოლი.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში, იყოს კომფორტული, სწრაფი და მოქალაქეებს არ უწევდეთ გაჩერებებზე ლოდინი გარკვეული დროის განმავლობაში იმის გამო, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი საცობში ფერხდება. ეს დისკომფორტია, რომელსაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. მოქალაქეებს კი ჰგონიათ, რომ ავტობუსის და მიკროავტობუსის ნაკლებობაა ქალაქში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ორჯერ მეტი ავტობუსი ემსახურება დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, ვიდრე ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსების პირობებში ხდებოდა, თუმცა აღნიშნული საცობები გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება - სატრანსპორტო დერეფნები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.