როგორ იზარალა ევროკავშირის დატოვებით ბრიტანეთის ეკონომიკამ

ბრექსიტის შემდეგ სამი წელი გავიდა. მას შემდეგ იყო პანდემია, ენერგოკრიზისი და ომი, რამაც ამ მოვლენის ზუსტი და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენის შეფასება გაართულა, თუმცა ბოლოდროინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის (EU) დატოვება ბრიტანეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა.

ერთიანი საბაზრო სისტემიდან გამოსვლამ ბრიტანულ კომპანიებს, რომლებიც EU-ს ქვეყნებთან ვაჭრობენ, ახალი კანონები და საქაღალდე საქმე გაუჩინა. ამან გამოიწვია შიშები, რომ ბრიტანეთსა და მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 550 მილიარდ სტერლინგიანი ვაჭრობა შეფერხდებოდა.

ეს მართლაც ასე მოხდა და ქვეყნიდან ექსპორტი შემცირდა. მართალია, ვაჭრობა პრე-პანდემიურ დონეზე აღდგა, თუმცა ბრექსიტი რომ არა, ის კიდევ უფრო მეტი იქნებოდა.

როდესაც ქვეყნის სავაჭრო პალატამ 500 ფირმა გამოჰკითხა, მათმა ნახევარმა თქვა, რომ ახალ სისტემას ჯერ კიდევ ვერ აუღეს ალღო. ბიუროკრატიის ზრდამ ზოგიერთ მცირე ექსპორტიორს ბაზრიდან გასვლა აიძულა, ხოლო გარკვეული საქონლის ექსპორტი საერთოდ შეწყდა.

ამგვარი მდგომარეობაა იმპორტთან დაკავშირებითაც - მოცულობა პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, თუმცა ევროკავშირიდან შემოტანილი პროდუქცია გაძვირდა. ამაზე დიდწილად ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ იმოქმედა, თუმცა, ამასთან, სხვა ქვეყნებისთვის ბრიტანული პროდუქციის შესყიდვა წაახალისა და ადგილობრივი მწარმოებლები უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ.

შეიძლება ითქვას, ბრიტანეთის ვაჭრობა პანდემიის შემდეგ იმგვარად ვერ აღდგა, როგორც დიდი შვიდეულის (G7) სხვა ქვეყნების შემთხვევაში მოხდა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ბრექსიტია.

მართალია, გაფორმდა ახალი სავაჭრო ხელშეკრულებებიც, მაგალითად, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან, თუმცა ამით ვაჭრობის მხოლოდ მცირედით ზრდაა მოსალოდნელი და ამასაც წლები შეიძლება დასჭირდეს. ამასთან, ხელშეკრულებები საკამათოა და ბრიტანელი ფერმერები შიშობენ, რომ ამით ხელი ნაკლებად შეეწყობათ.

კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთსა და ტრანს-ოკეანური კავშირის სხვა ქვეყნებთან, თუმცა ამას ჩვეულებრივზე დიდი დრო სჭირდება. რაც შეეხება იმგვარ დიდი მოთამაშეებთან სავაჭრო ხელშეკრულებებს, როგორებიცაა აშშ და ჩინეთი, კვლავ მიუღწევლად რჩება.

რამდენს ხარჯავენ ბიზნესები ქარხნებზე, აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებზე, ამასაც ევროკავშირთან ურთიერთობა და ინვესტიციების მოცულობა განაპირობებს.

რეფერენდუმის შემდეგ კი ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება შეფერხდა. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ კარგი ვითარება 2016 წლამდეც არ იყო და ქვეყანა G7-ის სხვა წევრებს ჩამორჩებოდა, თუმცა, ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Changing Europe-ის კვლევით, ინვესტიციებს რომ მაშინდელი ტენდენცია შეენარჩუნებინათ, ახლა მოცულობა 25%-ით უფრო მაღალი იქნებოდა. ერთი სიტყვით, ბრექსიტმა ისედაც ცუდი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

ევროგაერთიანების დატოვებამ გავლენა სამუშაო ძალაზეც და საემიგრაციო სისტემაზეც იქონია. თუ აქამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ბრიტანეთში სასწავლებლად და სამუშაოდ მიდიოდნენ და უცხოელ მიგრანტებში ევროკავშირის წილი 50% იყო, 2022 წლის ივნისისთვის მაჩვენებელი 1/5-მდე შემცირდა.

European Reform-ისა და Changing Europe-ის კვლევები ცხადყოფს, რომ ბრექსიტის შედეგად ბრიტანეთში ახლა მუშახელის რაოდენობა 330,000-ით ნაკლებია, ვიდრე მანამდე. მართალია, ეს მხოლოდ 1%-ია მთლიანი სამუშაო ძალის, თუმცა იმგვარ სექტორებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი, სტუმარ-მასპინძლობა და საცალო ვაჭრობა, მაინც დიდი გავლენა აქვს.

მუშახელის შემცირება დეფიციტებსა და მომხმარებლებისთვის გადასახადების ზრდაში გარდაისახება.

ამ ყველა ფაქტორმა, პანდემიის ეფექტთან ერთად, ბრიტანეთის ეკონომიკაზე მტკივნეულად იმოქმედა. ქვეყანა ერთადერთია მდიდარ ეკონომიკებს შორის, რომელიც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით უფრო ღარიბია და ამის მთავარი მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ბრექსიტი იყოს.

აღსანიშნავია, რომ Ipsos-ის კვლევით, 2016 წლის აგვისტოში გამოკითხული ბრიტანელების 52% ევროკავშირის დატოვებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევდა, დღეს კი ბრექსიტის მომხრეების წილი 43%-მდეა შემცირებული.

კახი ჩაკვეტაძე