ევროპარლამენტმა სათბური გაზების ემისიების შესამცირებლად ევროკავშირის განახლებული რეგულაცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა სათბური გაზების ემისიების შესამცირებლად ევროკავშირის განახლებული რეგულაცია დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 486-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 132, ხოლო 10 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ახალი კანონი ადგენს სათბური გაზების ემისიების სავალდებულო წლიურ შემცირებას საგზაო ტრანსპორტის, შენობების გათბობისთვის, სოფლის მეურნეობის, მცირე სამრეწველო დანადგარებისა და ნარჩენების მართვისთვის ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნისთვის.

„განახლებული კანონი ზრდის სათბურის გაზების ემისიების შემცირებას 2030 წლისთვის ევროკავშირის დონეზე 30%-დან 40%-მდე 2005 წელთან შედარებით. პირველად, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ ახლა უნდა შეამციროს სათბურის გაზების ემისიები სამიზნე 10%-დან 50%-მდე“, - ნათქვამია ევროპარლამენტის კომუნიკეში.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ 2030 წლის მიზნები თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის ეფუძნება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე და ხარჯების ეფექტიანობის ზომებს. ევროკავშირის ქვეყნებმა ყოველწლიურად უნდა შეამოწმონ, რომ ისინი არ აჭარბებენ სათბურის გაზების გამოყოფის წლიურ კვოტას.

ახლა კანონის ტექსტი ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ, რის შემდეგაც იგი გამოქვეყნდება ევროკავშირის „ოფიციალურ ჟურნალში“ და 20 დღეში შევა ძალაში.

კოკა კვირკველია