Samsung-ი სამხრეთ კორეაში ჩიპების წარმოებაში 230 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

Samsung-ი განახორციელებს 300 ტრილიონი ვონის (230 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას სამხრეთ კორეაში ჩიპების წარმოებაში, როგორც ჩიპების ინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოო ცენტრის აშენების პროექტი Samsung-ის 550 ტრილიონი ვონის (421,7 მილიარდი დოლარი) საინვესტიციო გეგმის ნაწილია, რომელიც ოთხშაბათს გამოცხადდა. საუბარია ნახევარგამტარების წარმოების ხუთ ქარხანაზე, ასევე 150-მდე მასალების, ნაწილებისა და აღჭურვილობის მწარმოებლის მოზიდვაზე.

„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი კერძო ინვესტიციებს ამ სფეროში - განაცხადა ოთხშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა. მანვე დასძინა, რომ მთავრობამ „უნდა უზრუნველყოს ადგილები ბიზნესისთვის, ტექნოლოგიებისთვის, კვალიფიციური მუშაკებისთვის და საგადასახადო შეღავათებისთვის“.

სეულის სტრატეგია მიზნად ისახავს საგადასახადო შეღავათების გაფართოებას და მაღალტექნოლოგიური სექტორების კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას, მათ შორის, მიკროჩიპების, დისპლეების და აკუმულატორების წარმოებაში.

კოკა კვირკველია