დიზელი გაიაფდება, ბენზინის ფასის კლება კი შესაძლოა, შეჩერდეს - ვახტანგ იობაშვილი საწვავის ბაზარზე

დიზელის ტიპის საწვავზე ფასი შემცირდება. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს პალიტრაში“ განაცხადა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამის პარალელურად, ბენზინზე ფასის კლება შესაძლოა, შეჩერდეს. ვახტანგ იობაშვილის თქმით, ეს არსებულ რესურსებზეა დამოკიდებული.

„დღეისთვის, თბილისის და ქვეყნის მასშტაბით ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი არის 2,10 - 2,15 (2,09) ლარი. მას (ეკონომიკის მინისტრს) არ ჰქონდა კონკრეტიკა მხოლოდ ბენზინის ფასზე, როდესაც ამაზე ვისაუბრეთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვძებნოთ რესურსი, ჩვენ უნდა დავდოთ ფაქტები (რასაც აუცილებლად გავაკეთებთ), მაგრამ თუ რესურსი არ მოგვცემს ამის უფლებას, რომ რეგულარზე კიდევ უფრო დავაკლოთ, სამწუხაროდ, შეჩერდება.

თუმცა, არ შეჩერდება და დაანონსებულია და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ამ დღეებში დიზელის საწვავზე დაიწყება (თუ უკვე არ დაწყებულა), ფასთა კლების ტენდენცია.

წინმსწრებად არანაირი გათვლა ნავთობპროდუქტების ბაზარზე არ შეიძლება, ვერანაირი „ნოსტრადამუსი“ ვერ გათვლის, რა იქნება ხვალ, მაგრამ რაც უკვე ვახსენე, რესურსებიდან გამომდინარე უნდა გამოიძებნოს ის გზები, რომ დიზელის ფასი წამოვიდეს ქვემოთ. ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, რა საშუალებას მოგვცემს რესურსები, ამაზე ვისაუბროთ ხვალ და ზეგ“,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ნინი ქეთელაური