„ფასების კონტროლი ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს“ – „აისეტი“ მთავრობის მიერ სურსათის ფასების რეგულირებაზე

“აისეტის“ კვლევითმა ინსტიტუტმა ფასების კონტროლისა და ეკონომიკაზე მისი გავლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ დააანონსა სპეციალური კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიზანიც სურსათზე ფასების დარეგულირება იყო.

„აისეტის“ მკვლევართა შეფასებით, მთავრობის „ირიბი მინიშნება“ ფასის შემცირების აუცილებლობაზე მაინც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა იყენებს ფასების კონტროლის ინსტრუმენტს ბაზრის დასარეგულირებლად.

„ფასების კონტროლი არის ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებელია ორი ფორმით განხორციელდეს: ფასის ქვედა („ფსკერი“, მინიმალური) ან ზედა („ჭერი“, მაქსიმალური) ზღვრის დაწესებით. ფასის ქვედა ზღვარი გულისხმობს კანონით დადგენილ მინიმალურ ფასს – მინიმალური ხელფასი ამის ყველაზე გავრცელებული მაგალითია. ფასის ქვედა ზღვრის დაწესებისგან განსხვავებით, რაც ხელს უშლის ზედმეტად დაბალი ფასების დაწესებას, ფასების ზედა ზღვრის დაწესება ემსახურება ზედმეტად მაღალი ფასის პრევენციას და ადგენს იმ მაქსიმალურ ფასს, რომელიც გამყიდველებს შეუძლიათ დაადონ თავიანთ საქონელსა თუ მომსახურებას.

მთავრობის ჩარევის თვალსაზრისით, ფასების რეგულირება გულისხმობს ფასის ზღვრის დაწესებას გარკვეულ პროდუქტზე, ისეთზე, როგორიც სურსათი ან საწვავია. ეს გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პროდუქტის გამყიდველებს არ ექნებათ დადგენილ ზღვარზე მაღალი ფასების დაწესების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაძლოა ოფიციალურად არ ეკრძალებოდეთ მათთვის სასურველი ფასების დაწესება, მთავრობის „ირიბი მინიშნება“ ფასის შემცირების აუცილებლობაზე მაინც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა იყენებს ფასების კონტროლის ინსტრუმენტს ბაზრის დასარეგულირებლად.

ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც ქმნის ჭარბ მოთხოვნას. გარდა ამისა, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება.

გამყიდველებს შეუძლიათ ფასის გაზრდის ნაცვლად კანონს თავი აარიდონ ხარისხის შემცირებით. მომხმარებლებს შესაძლოა, აგრეთვე, მოუწიოთ საქონლისა და მომსახურების ძიებასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯების გაწევა, როგორიც გრძელი რიგები ან დახარჯული დროა, ისეთი პროდუქტის შესაძენად, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, მიწოდება კი მცირეა. როგორც წესი, როდესაც დაწესებულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა უკანონოა, მყიდველები პოულობენ გზას, რომ ქრთამის სახით გადაიხადონ მეტი, რაც, საბოლოოდ, ზრდის კორუფციის დონეს.

გარდა ამისა, ფასის ზედა ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს ვაჭრობით მიღებული საზოგადოებრივი სარგებლის დაკარგვა, რადგან გამყიდველებს შეიძლება არ შეეძლოთ ან არ სურდეთ საქონლის ხელოვნურად დაბალ ფასად წარმოება. ფასების კონტროლის შემთხვევაში, არ შედგება სარგებლის მომტანი ზოგიერთი გარიგება. ეს კი იწვევს საზოგადოებრივ დანაკარგს, რომელიც მომხმარებლისა და მწარმოებლის დაკარგული სარგებლის ჯამია, როდესაც ვაჭრობის შედეგად ორმხრივი სარგებლის მიღება არ მომხდარა.

დაბოლოს, საფასო ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს რესურსების არასწორად გადანაწილება, რადგან მწარმოებლებმა, შესაძლოა, ყურადღება დარეგულირებული ბაზრიდან სხვა, თავისუფალ ბაზრებზე გადაიტანონ, რაც მომხმარებელს ნაკლები არჩევანისა და დაბალი ხარისხის პროდუქციის წინაშე დატოვებს. უფრო მეტიც, მოგების მარჟის კონტროლმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს უფრო მაღალი ფასები ზოგ სასურსათო პროდუქტზე. ეს იმიტომ ხდება, რომ შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტი ჩვეულებრივ იყიდება უფრო დაბალი მარჟით, ხოლო მაღალი ხარისხის პროდუქტი – მაღალი მარჟით.

მარჟის საერთო ზედა ზღვრის დაწესების შემთხვევაში, დაბალი ხარისხის პროდუქტიც კი შეიძლება გაძვირდეს, რადგან მაღალი მარჟის პროდუქტების გამყიდველები ვერ შეძლებენ საკმარისი მოგების მიღებას. მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც როგორც წესი, არ შეუძლიათ მაღალი ხარისხის პროდუქტის შეძენა, უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტებს ყიდულობენ, ამიტომ მოგების მარჟის ზედა ზღვრის დაწესებამ შეიძლება არაპროპორციულად იმოქმედოს მოწყვლად მოსახლეობაზე და დააზარალოს ის.

იმდენად, რამდენადაც ეკონომიკაში ბაზრები ურთიერთდაკავშირებულია, ერთ ბაზარზე დაწესებული ფასების კონტროლი გავლენას ახდენს სხვა ბაზრებზე, ვინაიდან ერთ ბაზარზე არსებული დეფიციტი შეფერხებასა და დეფიციტს წარმოშობს სხვა ბაზრებზეც. ამიტომ ფასების კონტროლის ეფექტი ვრცელდება იმ ბაზრებზე, რომლებზეც არ არის დაწესებული ფასების კონტროლი, რაც საბოლოოდ მთელ ეკონომიკას აზარალებს,“- ნათქვამია „აისეტის“ ანგარიშში.

თაია არდოტელი