ნავთობის ფასი 15-თვიან მინიმუმამდე დაეცა - რა ხდება ენერგეტიკულ ბირჟაზე

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები ეცემა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი, დაახლოებით, 8%-ით გაიაფდა და 72 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 8%-ით გაიაფდა ბარელი WTI-იც, ღირებულება 70-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა და 66 აშშ დოლარი შეადგინა.

მოგვიანებით, დანაკარგების მცირედით აღდგენა მოხერხდა და ამჟამად ორივე მათგანის ფასი 2 დოლარით მეტი, შესაბამისად, 74 და 68 დოლარს შეადგენს. თუმცა, თვეებია, ნავთობის ფასს ერთი დღის განმავლობაში მსგავსი მკვეთრი ვარდნა არ განუცდია.

დაღმასვლის ტენდენციას აშშ-ს საბანკო სექტორში არსებული ტურბულენტური ვითარება განაპირობებს. გასულ კვირაში ქვეყანაში 2 რეგიონული ბანკი გაკოტრდა, ხოლო სხვა მსხვილი ბანკების სააქციო ღირებულება იკლებს. ამ ყველაფერს თან დაერთო მსხვილი შვეიცარიული კრედიტორის Credit Suisse-ის აქციების რეკორდულად გაუფასურებაც.

გასულ კვირაში აშშ-ს სიდიდით მე-16 - "სილიკონის ველის ბანკი" (SVB) გაკოტრდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია ტექნოლოგიურ სამყაროში. ეს მეორე უმსხვილესი საბანკო კოლაფსია აშშ-ს ისტორიაში, რის შემდეგაც შოკურმა ტალღებმა მთლიანად ტექნოლოგიური ინდუსტრია და უოლ სტრიტი მოიცვა.

"სილიკონის ველის ბანკის" ის გაკოტრება ზრდის გასულ კვირაში კიდევ ერთი კრიპტობანკის, "სილვერგეითის" გაკოტრებით დაწყებულ მღელვარებას. მართალია, SVB-ის აქტივები აშშ-ს სხვა მსხვილ ბანკებთან შედარებით მცირეა და 209 მილიარდ დოლარს შეადგენს, განსხვავებით JPMorgan-ის 3 ტრილიონისგან, თუმცა მისმა კრახმა მაინც დიდი გავლენა იქონია არაერთი ქვეყნის საფინანსო სექტორზე.

ნავთობის ფასებზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს აშშ-ს ფედერალური რეზერვის სამომავლო გადაწყვეტილებამ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით. მომდევნო კვირაში Fed-მა, შესაძლოა, არ გაზარდო საპროცენტო განაკვეთები საბანკო სექტორში არსებული სტრესის გამო.

ცნობისთვის, ნავთობის ფასი რეკორდულ ნიშნულს მიმდინარე წლის თებერვალში მიუახლოვდა, რაც დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების შედეგი იყო. მაღალი ინფლაციის გამო მონეტარული პოლიტიკის გლობალურად გამკაცრებით გამოწვეული რეცესიის რისკების ფონზე, სექტემბერში ფასები 8-თვიან მინიმუმამდე დაეცა. შემდეგ იყო ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასის დაწესება. ამ პირობებში, ენერგეტიკული ბაზარი მაღალი ვოლატილობით ხასიათდება.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, სანქციების შედეგად, რუსეთში ნავთობის საექსპორტო შემოსავლები თებერვალში 2.7 მილიარდი დოლარით შემცირდა იანვარში მიღებული 11.6 მილიარდი დოლარიდან. ამასთან, წარმოების შემცირებაზე განცხადებები რუსეთის მხრიდანაც გავრცელდა.

"გოლდმენ საქსის" პროგნოზით, Brent-ის საშუალო ფასი მიმდინარე წელს 110 დოლარი იქნება, "ამერიკის ბანკის" პროგნოზი 100 დოლარია ბარელზე, თუმცა, ფაქტია, წელს ნავთობის ღირებულება 85 დოლარზე მაღალი არ ყოფილა.

კახი ჩაკვეტაძე