„ანტიკორუფციული მოძრაობა“ - უჩა მამაცაშვილი „განცდილი სულიერი ტკივილის სანაცვლოდ“ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელით 15 ათასის ნაცვლად 150 ათას ლარს ითხოვს

უზენაესი სასამართლოს მიერ ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებით სამართლებრივად გაფორმდა ქვეყანაში ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი, - ამის შესახებ უზენაეს სასამართლოსთან „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათივე შეფასებით, აღნიშნული „ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის მხრიდან მკაფიო პოლიტიკური დევნის სიგნალია, სადაც სასამართლო გამოყენებულია, როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტი”.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლების, ლაშა ფარულავას და ვასო ურუშაძის განცხადებით, უჩა მამაცაშვილი საპროცესო კოდექსის დარღვევით, „ცილისწამებასა და მიღებული სულიერი ტკივილის თაობაზე“ სარჩელით მოპასუხეებისგან 150 000 ლარს ითხოვს.

„სასამართლოს ორმა ინსტანციამ, დაბალი სამართლებრივი სტანდარტითაც კი გადაწყვეტილება ვერ დაასაბუთა, თუმცა მეტად შემაშფოთებელია უზენაესი სასამართლოს დამოკიდებულება. კერძოდ, საპროცესო კოდექსის დარღვევით უჩა მამაცაშვილი მოპასუხეებისგან კვლავ 150 000 ლარს ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება, უჩა მამაცაშვილს სააპელაციო სასამართლოში არ გაუსაჩივრებია, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ უჩა მამაცაშვილის სასარჩელო მოთხოვნა 150 000 ლარის დაკისრების თაობაზე სასამართლო წარმოებაში განსახილველად მაინც მიიღო, რაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის მხრიდან მკაფიო პოლიტიკური დევნის სიგნალია, სადაც სასამართლო გამოყენებულია, როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტი”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოსამართლე, რევაზ ნადარაიასგან მოითხოვენ, ზეპირი მოსმენით, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ღიად და საჯაროდ განიხილოს.

„ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა უჩა მამაცაშვილი ტრანსნაციონალურ დანაშაულის მფარველობაში და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაში ვამხილეთ. საუბარი ეხება ე.წ. „ქოლცენტრებს“, რომლებიც თაღლითური გზით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ძარცვას ახდენენ. უმძიმეს ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულს არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და გამოძიება ათეულობით ფაქტზე მიმდინარეობს, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპოლის გამომძიებლებთან, ვინაიდან აღნიშნულ დანაშაულს საქართველოში კონკრეტული მფარველები ჰყავს და სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანია არაფორმალური მმართველი, უჩა მამაცაშვილი.

ამ სასამართლო მასკარადით, ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის სურვილია გაგვაჩუმოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები, რომ შევწყვიტოთ მათი მხილება კორუფციაში, აღარ ვახსენებდეთ მათ სახელებსა და გვარებს, ჩადენილ დანაშაულებს. მათ სურთ მარტო დარჩნენ, მიტაცებული ძალაუფლების პირობებში სრულად აკონტროლონ სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლო კორპუსი, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. დღეს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმი დევნის პოლიტიკოსებს, მედია მენეჯერებს, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ამისთვის კი წარმატებით იყენებს მონურ მორჩილებაში მყოფ ძალოვან უწყებებსა და სასამართლოს.

ეს პროცესიც ამის დემონსტრირებაა, რომ მათი ამოცანაა ხელი შეგვიშალონ ჩვენ საქმიანობაში, შეგვიქმნან დისკომფორტი, ფინანსური პრობლემები, რომ ჩვენ შევწყვიტოთ მათი მხილება, თქვენ, ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, ვეღარ იგებდეთ, როგორ იპარავენ თქვენს ფულს, გართმევენ მომავალს და უკეთეს პერსპექტივას. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ იმ განუკითხაობაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ბოლომდე ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლებთ. ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების ფორმულა არსებობს და ეს არის „ანტიკორუფციული მოძრაობა”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს - ვასო ურუშაძეს და ლაშა ფარულავას სასამართლოში ცილისწამებასა და მიღებული სულიერი ტკივილის თაობაზე უჩივლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გოჩა დიდავამ, მოსარჩელე უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა და მოპასუხეებს: გაკეთებული განცხადებების უარყოფა და უჩა მამაცაშვილის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის სანაცვლოს 15 000 ლარი დააკისრა.