"ფასების კონტროლი სამომავლოდ სურსათის გაძვირებას გამოიწვევს" - რამაზ გერლიანი

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა, რამაზ გერლიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში მთავრობის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც სურსათის ფასების გასაკონტროლებლად ახალი კანონის შემუშავებას გულისხმობს.

ეკონომისტის აზრით, ამ პოლიტიკის შედეგად, შესაძლოა, ფასები მოკლევადიან პერიოდში დასტაბილურდეს, თუმცა სამომავლოდ უარეს შედეგს მივიღებთ, პირველ რიგში, ხარისხის და დეფიციტის კუთხით, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ ფასების ზრდაში გადაიზრდება.

"ფასების კონტროლის პოლიტიკა, არათუ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ტიპის საბაზრო ეკონომიკისთვის, არ არის მისაღები, რადგან კონკურენციას არა ხელს უწყობს, არამედ მის საწინააღმდეგო ნაბიჯად ითვლება. თუ ფასების დასტაბილურების მიზანი კონკურენციის წახალისებაა და ამ გზით შემცირდება ფასები, ეს პირდაპირი კონტროლის პოლიტიკას არ წარმოადგენს. სწორედ ასე იქცევიან საბაზრო ეკონომიკის ქვეყნები.

რას ნიშნავს ბიზნესისთვის დამატებითი მოგების მარჟა? ვინ იცის ინდივიდუალურ ბიზნესს რა დამატებითი ხარჯები აქვს და მოგებას საიდან ანგარიშობენ. ამის თქმა მეთოდოლოგიური შეცდომაა. თუ ერთსა და იმავე სექტორში ერთი სუბიექტის მარჟა 40%-ია, ხოლო მეორის - 3%, ერთს ხელოვნურად შევუმციროთ და მეორეს გავუზარდოთ? ეს გამოიწვევს დაბალმარჟიანი ბიზნესის ბაზრიდან გაძევებას. როდესაც ხელისუფალი კონტროლს ახსენებს, პირდაპირ აზარალებს ბაზარს", - ამბობს გერლიანი.

რამაზ გერლიანს მაგალითად მედიკამენტების ბაზარში ჩარევა და წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესება მოჰყავს. მისი თქმით, კონტროლმა ბაზარზე ის დადებითი ეფექტი ვერ იქონია, რაც მოსალოდნელი იყო.

"გაჩნდა ხარისხის პრობლემა და დაბალი ხარისხის მედიკამენტების ფასები დაუახლოვეს მაღალი ხარისხის და ღირებულების მედიკამენტებს, რითაც უკუშედეგი მივიღეთ. აქ უფრო მეტადაა შესაძლებელი რეგულაციის გატარება, რადგან კონკრეტული სეგმენტია განსაზღვრული, თუმცა სურსათის ბაზარზე ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ესაა ბაზრის ფუნქციებში უხეში ჩარევა. ფასების ზრდის პრობლემა მაკროეკონომიკური პრობლემაა და ამისთვის მონეტარული პოლიტიკა არსებობს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ ერთობლივად უნდა შეიმუშაონ. როდესაც ფულის მასასთან მიმართებაში იქნება სწორი პოლიტიკა გატარებული, ავტომატურად აღმოიფხვრება ინფლაციის პრობლემაც. არ ეძებენ ფასების ზრდის პრობლემის რეალურ სათავეს და ესაა სწორედ მონეტარული პოლიტიკა", - ამბობს გერლიანი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონის შემუშავება დაავალა, რომლის მიზანიც სურსათის ფასების დარეგულირება იქნება და ისიც დაამატა, რომ ბიზნესის საქმიანობაში უხეში ჩარევა მისი ხელწერა არაა. კანონი ევროკავშირის სამართლიანი კონკურენციის შესახებ 2019 წლის 633-ე დირექტივის საფუძველზე შემუშავდება. როგორც მთავრობაში ამბობენ, კანონმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და შეამციროს "დამატებითი მოგების მარჟები".

2023 წლის 15 თებევრლიდან მთავრობამ 1,300-მდე მედიკამენტზე რეფერენტული ფასები დააწესა. ცვლილების თანახმად, ფარმაცევტულ სექტორს დაწესებულ მაქსიმალურ ზღვარზე ძვირად წამლების რეალიზაცია ეკრძალება. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდა, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

კახი ჩაკვეტაძე