როგორ უნდა მოხდეს თბილისის ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია

თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაციას გეგმავს, თუმცა არის საკითხები, რომელიც დეველოპერებისთვის ჯერ დასაზუსტებელია და ამავე დროს, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

როგორც „არსის“ დამფუძნებელმა, თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, თემაზე საუბარი რომ დაიწყო, ეს უკვე კარგია, რათა პროცესი სწორ კალაპოტში მოექცეს. ამასთან, ირაკლი როსტომაშვილმა იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს.

„მე ვიტყვი იმ დეტალებს, რომლისგანაც შედგება ეს პროგრამა და რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება მერიამ. ჩემთვის, ამ შემთხვევაში ბიზნესის წარმომადგენლისთვის, რა არის მნიშვნელოვანი.

პირველ რიგში, მე ვერ მოვისმინე რა ხდება საინჟინრო კომუნიკაციებზე. მაგ ზონებში არის კატასტროფულ მდგომარეობაში და მე ვერ წარმომიდგენია კვარტალში, ქუჩებს შორის მოქცეულ ზონაში პირობითად, დეველოპერი მოელაპარაკა ერთ მისამართს, ეს როგორ მოგვარდება? ის ჩაერთვება მთელი ზონის მოგვარებაში? მანდ არ შეიძლება, რომ ეზოს მასშტაბით გამოვცვალოთ საინჟინრო კომუნიკაციები, შესრულება არის ურთულესი და სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ასევე, მე ვერ ვიზიარებ, რომ მოხდეს კოეფიციენტის გაზრდა. ამის შემოღებიდან, დაახლოებით, 25 წელია, მე ვარ კოეფიციენტის გაზრდის წინააღმდეგი.

კოეფიციენტი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარზე რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს. ანალოგი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, ლიფტში 5 კაცი შედის და იქ ვუთხრათ, მოდით, 9 შედით, ეს არ შეიძლება. კოვიდმაც დაგვანახა, სად ვრცელდებოდა ყველაზე მეტად, შანხაისა და ისეთ ქალაქებში, სადაც სიმჭიდროვე არის გაზრდილი.

კოეფიციენტი არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ვფიქრობ, რომ ამის ამოღების საშუალება არსებობს. ეს კოეფიციენტი არის ფაქტობრივად, ანაზღაურების გაზრდა, ანუ ფულის შეთავაზება და მე ვფიქრობ, ფულის სხვა წყარო უნდა მოიძებნოს. კოეფიციენტმა დაგვღუპა. ეს არის ის, რომ არაფრიდან ფული ჩნდება, ვუმატებთ სართულიანობას, სიმჭიდროვეს...

აღებული მიმართულებით ვიაროთ, ოღონდ კოეფიციენტს შევეშვათ. არსებობს უამრავი სარეზერვო ტერიტორიები, სადაც შეიძლება ინტენსიური განვითარება წავიდეს და განაშენიანდეს.

ასევე, არ არის აუცილებელი, კომპანიამ მაინცდამაინც სახლი ააშენოს. როდესაც გამწვანებაზე, ეკოლოგიაზე გარკვეული თანხებია გათვალისწინებული, გამოვყოთ რაღაც ტერიტორია და დეველოპერს დავავალოთ, რომ ამ პროექტის შესაბამისად, პირობითად, გააკეთოს 20 ჰექტარი ტყე-პარკი. ეს ხარჯი ამაში გავწეროთ.

გარდა ამისა, მე ვცდილობდი და მაშინდელი საკრებულო ამაში ვერ დავარწმუნე, რომ აუცილებელია, თბილისის ლანდშაფტიდან გამომიდინარე, ისტორიულ ზონაში შემოვიღოთ მეხუთე ფასადის განსაზღვრება. ეს არის სახურავები. რეალურად, ნებისმიერი გადმოსახედიდან თბილისს აღვიქვამთ სახურავებით და ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გაიდლაინი, რომელიც აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს პროექტირებაში. არ შეიძლება ისტორიულ ზონაში, ვისაც როგორი მასალით მოუნდება, გადახუროს“,- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

ნინი ქეთელაური