„იმის თქმა, რომ რუსები დიდი რაოდენობით არიან დასაქმებულები საქართველოში, გადაჭარბებულია“ - სალონების ფედერაცია

რუსეთის მოქალაქეების მხრიდან სილამაზის სალონებში სტილისტებად დასაქმების მსურველთა რაოდენობა დიდია, თუმცა დასაქმებულთა რიცხვი - არა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს" “სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ განუცხადა.

„თავდაპირველად უკრაინელებისგან გაცილებით დიდი მომართვიანობა იყო, ვიდრე რუსებისგან. ამჟამად ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ რუსებისგან მომართვიანობა შედარებით გაზრდილია“, - განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

მისი თქმით, რუსების მიერ საქართველოში შემოსვლის შემდეგ დასაქმების მსურველთა რაოდენობამაც იმატა. „თუმცა იმის თქმა, რომ ისინი დიდი რაოდენობით არიან დასაქმებულები საქართველოში, გადაჭარბებულია. უმეტეს მათგანს არ აქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენს პირობებს დათანხმდნენ, ასეთი სიტუაცია უკრაინელებს უფრო აქვთ, რადგან ბევრი მათგანი გამოქცეულია და შემოსავალი სჭირდება“, - განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დასაქმებულ რუსებსა და უკრაინელებს იგივე შემოსავალი და პირობები აქვთ, რაც ქართველებს.

„გვქონია ასეთი ინციდენტი, რომ ერთ-ერთ სალონში თვითმარქვია სტილისტების დასაქმება მოხდა, რამაც დიდი გაუგებრობა გამოიწვია, ამიტომ ამ საკითხს ზედმეტად ფრთხილად ვუდგებით“, - განაცხადა სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს შექმნილი აქვთ ტელეგრამ-არხი „ვაკანსიები თბილისი“, სადაც სასურველ სფეროში დასაქმებაზე წერენ. ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ სალონური მომსახურების სპეციალისტებისგან მოდის.

ეკა დარჩიაშვილი