თბილისში მოქმედმა თაღლითურმა ავტოკომპანიამ 350 ათას დოლარამდე მიითვისა

ავტოთაღლითები ამერიკული "ამერიკან მოტორსის" შვილობილ კომპანიად ასაღებდნენ თავს

გასულ კვირას, bpn.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას - "თბილისში ავტოთაღლითობის შემთხვევები გამოვლინდა" - მკითხველის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. რედაქციას "ამერიკან მოტორსის" თაღლითური სქემის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი კლიენტი დაუკავშირდა.

მისი თქმით, მომხდარზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება. "დამნაშვეების დაკავების და დასჯის დიდი შანსია, მაგრამ თანხის დაბრუნების - ნაკლებად. კომპანიამ 21 ადამიანი აზარალა და ჯამში 300-350 ათასი დოლარი მიითვისა. თანხა ანგარიშიდან გატანილია. კომპანიის დამფუძნებელი მანუჩარ ჯელაძე პოლიციამ საზღვარზე დააკავა, კომპანიის დანარჩენი წევრები ჯერ არ დაუკავებიათ", - გვითხრა რესპონდენტმა, რომელმაც ობიექტური მიზეზების გამო, საჯაროდ ვინაობის დასახელება არ ისურვა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის დაზარალებულმა რესპონდენტმა აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლის, მანუჩარ ჯელაძის შესახებ დოკუმენტური მასალა წარმოგვიდგინა. მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით დასტურდება, რომ ჯელაძე "ამერიკან მოტორსის" 100%-იანი წილის მფლობელია. რეესტრის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია რამდენიმე თვის წინ, მიმდინარე წლის იანვარშია რეგისტრირებული.

დაზარალებული ბათუმელია. მან შპს "ამერიქან მოტორსს" სასურველი ავტომანქანა მიმდინარე წლის თებერვალში შეუკვეთა. კომპანიის ინფორმაციით, კლიენტი მანქანას 25 მარტს მიიღებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, პირობა არ შესრულებულა.

"საქართველოში ჩემთვის სასურველი მანქანის შეძენა საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა. გადავწყვიტე, რომ საშუამავლო კომპანია მომეძებნა, რომელიც მანქანას შედარებით დაბალ ფასში ჩამომიყვანდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მანქანებს აუქციონის მეშვეობით ყიდულობს და შემდეგ აქ შედარებით დაბალ ფასში ჰყიდის. შპს "ამერიკან მოტორსის" შესახებ ინტერნეტით შევიტყვე. მათ დავუკავშირდი, პირობები გამაცნეს, შემდეგ თბილისში ჩამოვედი და პირადად შევხვდი. თავდაპირველად, თანხის 10% გადავიხადე. მოგვიანებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მანქანის სრული ღირებულება - 20 500 დოლარი წინასწარ გადავიხადე. თანხა კომპანიის ანგარიშზე შევიტანე. ხელშეკრულება 17 თებერვალს გავაფორმეთ. საქართველოში მანქანა 25 მარტს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 18 მარტს შევიტყვე, რომ კომპანიის მფლობელი გაუჩინარდა, გადახდილი თანხა კი დავკარგე.

- ამის შესახებ როგორ შეიტყვეთ?

- პოლიციიდან დამიკავშირდნენ და დაკითხვაზე დამიბარეს. ჩვენება მივეცი, რა და როგორ იყო. სწორედ იქ გავიგე, რომ "ამერიკან მოტორსის" თაღლითობის მსხვერპლი გავხდი. როგორც მერე გავიგე, ჩემს გარდა, კიდევ 21 კლიენტი "გადააგდეს." თურმე, ერთ-ერთმა დაზარალებულმა კლიენტმა სამართალდამცავებს მიმართა და ეს საქმე ასე გაიხსნა. როგორც გავიგე, ამ კომპანიამ ჩემს გარდა, ბათუმში კიდევ 4 პიროვნება აზარალა. ერთ-ერთმა მათგანმა "ამერიკან მოტორსს" მანქანის სრული ღირებულება - 35 ათასი დოლარი წინასწარ გადაუხადა, ზოგმა 10 000 და 9 000 დოლარი. საერთო ჯამში, მე როგორ ვიცი, ჯელაძემ 300-350 ათასი დოლარი მიითვისა.

- რატომ გადაიხადეთ წინასწარ მანქანის სრული ღირებულება? მათ კეთილსინდისიერებაში დარწმუნებული იყავით?

- იმდენად დამაჯერებლად იქცეოდნენ, რომ ეჭვი ვერ შევიტანე. ასე რომ არ ყოფილიყო, 21 ადამიანს ერთდროულად მოატყუებდნენ? თანაც, ხელშეკრულების გაფორმებამდე მათ შესახებ ინფორმაცია მეწარმეთა შესახებ საჯარო რეესტრშიც მოვიპოვე. ჩემი შეკვეთა, ანუ მანქანა აუქციონზე შეიძინეს და ამ პროცესს მეც ვადევნებდი თვალ-ყურს. თუმცა მერე გავარკვიე, რომ აუქციონზე აღნიშნული მანქანა სხვისთვის იყო შეძენილი. როდესაც ამ კომპანიის თაღლითობა გამოაშკარავდა, გავიგე, რომ ჯელაძეს გარდა, დანარჩენი თანამშრომლები გამოგონილი გვარ-სახელებით იყვნენ. როცა ადამიანი გეუბნება კონკრეტულ სახელსა და გვარს, პირადობას ხომ არ მოსთხოვ, რომ დარწმუნდე, მართლა ის პიროვნებაა თუ არა.

- ჯელაძის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ? ჩვენ მოვიპოვეთ მისი კოორდინატები, თუმცა მობილური გამორთული აქვს...

- რამდენიმე ნომერი აქვს, მაგრამ ყველა მათგანი გამორთულია. ჩემი ინფორმაციით, მანუჩარ ჯელაძე პოლიციამ საზღვარზე დააკავა, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. თუმცა, დაკავებული არ არის. მას ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს. საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

- გაქვთ თანხის დაბრუნების იმედი?

- საქმის გამოძიების და დამნაშავეების დაკავების დიდი შანსია, თანხის დაბრუნების ნაკლებად, რადგან მთლიანი თანხა ანგარიშიდან გატანილია. ვეჭვობ, თუნდაც თანხის მცირე ნაწილი დამიბრუნდეს.

- მანქანის შეკვეთამდე თუ დაინტერესდით აღნიშნული კომპანიის წარმომავლობით?

- ამერიკაში ათეული წლებია, რაც ავტომანქანების კომპანია "ამერიკან მოტორსი" არსებობს. ჯელაძემ თავისი კომპანია მის შვილობილად გაასაღა. თუმცა, როცა მათი თაღლითობა გამოაშკარავდა, გაირკვა, რომ "ამერიკან მოტორსს" საქართველოში თავისი წარმომადგენლობა არ ჰყავს.

- რას აპირებთ?

- არც არაფერს. დაველოდები გამოძიების დასრულებას. როგორც უკვე გითხარით, თანხის დაბრუნების იმედი არ მაქვს. მაგრამ ვიმედოვნებ, ჩემი მაგალითი ბევრისთვის ჭკუის სასწავლებლად გამოდგება და საშუამავლო კომპანიებს წინასწარ თანხას არ გადაუხდიან. დიდი იმედი მაქვს, რომ თაღლითებს დააკავებენ და შესაბამის სასჯელსაც შეუფარდებენ.

სალომე გოგოხია

ასევე იხილეთ