შოლცი ევროზონაში ფინანსური კრიზისის საფრთხეს ვერ ხედავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვერ ხედავს ევროზონაში ფინანსური კრიზისის საფრთხეს, მიუხედავად ფინანსურ ბაზრებზე არსებული დაძაბული სიტუაციისა. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.

”მე ვერ ვხედავ ასეთ საფრთხეს. ფინანსური სისტემა არ არის ისეთი მერყევი, როგორც 2008 ფინანსური კრიზისის წინ იყო,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ”გერმანიის ბანკების კლიენტების დეპოზიტები უსაფრთხოა”.

შეგახსენებთ, 10 მარტს კალიფორნიის ფინანსური დაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა აშშ-ის სიდიდით მე-16 ბანკის, Silicon Valley Bank-ის გაკოტრების შესახებ. როგორც CNN აღნიშნავს, ეს იყო ყველაზე დიდი ბანკის მარცხი შეერთებულ შტატებში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. ასევე 12 მარტს ნიუ-იორკის შტატის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, დაიხურა კიდევ ერთი ბანკი - Signature Bank.

15 მარტს კი შვეიცარიული Credit Suisse-ის აქციები დაეცა 24%-ით. ამასთან, შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა და შვეიცარიის ფინანსურმა მარეგულირებელმა გამოაცხადეს მზადყოფნა, დაეხმარონ Credit Suisse-ს.

კოკა კვირკველია