აშშ-ს მსხვილმა ბანკებმა First Republic Bank-ში 30 მილიარდი დოლარის დეპოზიტი განათავსეს

აშშ-ს ზოგიერთმა მსხვილმა ბანკმა 30 მილიარდი დოლარის დეპოზიტი განათავსა First Republic Bank-ში, მას შემდეგ, რაც მისი საკრედიტო რეიტინგი შემცირდა. ამის შესახებ ფინანსური ინსტიტუტების მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

დაუზღვეველ დეპოზიტზე ფული გამოყვეს ბანკებმა: Bank of America, Citigroup, JPMorgan Chase, Wells Fargo, Goldman Sachs, Morgan Staney. „მათი დახმარების დემონსტრირებით აშშ-ის უმსხვილესი ბანკები გამოხატავენ ნდობას First Republic-ის და სხვა სხვადასხვა ზომის ბანკების მიმართ“ - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ „რეგიონული, საშუალო და მცირე ბანკები არის ძირითადი ელემენტი ფინანსური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“.

Bloomberg იტყობინება, რომ საკრედიტო რეიტინგის შემცირების შემდეგ First Republic-ის მენეჯმენტი განიხილავს მის გაყიდვას. ამასთან, აღინიშნა, რომ ბანკის ხელმძღვანელობა „დიდი კონკურენტების“ დახმარებით „კაპიტალის გაზრდის“ ვარიანტებსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, 10 მარტს Silicon Valley Bank, აქტივების მხრივ მე-16 უმსხვილესი ბანკი აშშ-ში გაკოტრდა. ამან გამოიწვია ჯაჭვური რეაქციისა და შესაძლო ფინანსური კრიზისის მოლოდინი. First Republic ბანკის აქციები 13 მარტს 70%-ით დაეცა და 14 მარტის დილით 40%-ით გაიზარდა. ოთხშაბათს S&P-მა ბანკის საკრედიტო რეიტინგი BB+-მდე შეამცირა უარყოფითი პერსპექტივით.

აშშ-ს ფედრეზერვის 2022 წლის მონაცემებით, First Republic აქტივების მიხედვით ამერიკის მე-14 ბანკია სიდიდით.

კოკა კვირკველია