როგორ გეგმავენ მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე დახარჯონ მათი შემოსავლის უდიდესი ნაწილი ყველა დაავადების აღმოსაფხვრელად

Meta Platforms-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი და მისი მედიკოსი ცოლი საქველმოქმედო ორგანიზაცია Chan Zuckerberg Initiative-ში (CZI) თანააღმასრულებელ დირექტორებად მუშაობენ. ამერიკული Forbes-სთვის მიცემულ ინტერვიუში მათ ისაუბრეს უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების გეგმებზე ადამიანის სხეულის უჯრედებისა და ქსოვილების სიღრმისეულად შესასწავლად და ასევე იმაზე, თუ როგორ გეგმავენ უამრავი დაავადების გაქრობას დედამიწაზე მათი პროექტებით.

6,5 წლის წინ Facebook-ის დამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა, განაცხადეს, რომ საბაზისო მეცნიერების განვითარებისთვის ისინი 3 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. ეს თანხა მოიცავს 600 მილიონ აშშ დოლარს სან-ფრანცისკოში ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრის დასაარსებლად სან-ფრანცისკოს, ბერკლისა და სტენფორდის უნივერსიტეტის, ასევე კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებთან თანამშრომლობით. 2021 წლის ბოლოს, წყვილმა პირობა დადო, რომ კიდევ 3,4 მილიარდი დოლარის შემოწირულობას გაიღებდნენ მეცნიერებისთვის.

წყვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ჩიკაგოში ახალი ბიოლოგიური ცენტრის დაარსება იგეგმება - ამისთვის Chan Zuckerberg Initiative (CZI) გენერალური ფონდის 6,4 მილიარდი დოლარიდან, მომდევნო ათი წლის განმავლობაში გამოიყოფა 250 მილიონი დოლარი. ეს არის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის, ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და ილინოისის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. ისინი ადამიანის ქსოვილების მუშაობას სიღრმისეულად შეისწავლიან.

ექსკლუზიურ ინტერვიუში მათი მესამე შვილის დაბადების მოსალოდნელ თარიღამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცუკერბერგმა და ჩანმა Forbes-თან ახალი ბიოლოგიური კვლევის ცენტრის შესახებ ისაუბრეს და განმარტეს, თუ როგორ განსხვავდება მათი მიდგომა მეცნიერების ტრადიციული მოდელისგან. გარდა ამისა, მათ არ უარყვეს ყველა დაავადების განკურნების ამბიციური მიზნები.

მათი საქველმოქმედო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემყარება იმ წინაპირობას, რომ უკეთესი ხელსაწყოებით და ადამიანის სხეულის ბიოლოგიის შედარებით ღრმა შესწავლით, შესაძლებელი იქნება მედიკამენტების შექმნის პროცესის დაჩქარება, სხვადასხვა დაავადებების უფრო ეფექტურად შეკავებისა და პრევენციისთვის.

“თუ მეცნიერების ისტორიას გადავხედავთ, შევნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანი აღმოჩენები ხდება ძირითადად დაკვირვებისთვის ახალი ინსტრუმენტების გამოგონების შემდეგ და ეს ეხება არა მხოლოდ ბიოლოგიას, არამედ ტელესკოპებსა და სუპერკოლაიდერებსაც“, - აღნიშნავს ცუკერბერგი.

ჩანისა და ცუკერბერგის ინიციატივის ქვეშ მყოფი ბიოლოგიური ცენტრები დადებენ პარტნიორულ ხელშეკრულებებს უნივერსიტეტებთან, კოორდინაციას გაუწევენ ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას და უზრუნველყოფენ დაფინანსებას მინიმუმ ათი წლის განმავლობაში.

პირველი ცენტრი 2016 წელს Mission Bay-ში, UC San Francisco-ს კამპუსის მოპირდაპირე მხარეს გაიხსნა. დაწესებულება მუშაობს ორი მიმართულებით: ინფექციური დაავადებების გამოვლენისა და მათზე რეაგირების სისტემების შექმნაზე, ასევე ხდება ჯანმრთელი და დაავადებული ადამიანის უჯრედების მუშაობის დეტალური შესწავლა.

ინოვატორი მეცნიერების გუნდი ახლა მუშაობს მალარიის დიაგნოსტიკის უფრო სწრაფ და იაფ გზაზე. თავად ეს დაავადება წელიწადში 600 000-ზე მეტ სიცოცხლეს კლავს, მათ შორის ძირითადად ბავშვებში.

ჩანისა და ცუკერბერგის ბიოლოგიური ცენტრის ინჟინრის, პოლ ლებელის თქმით, მეცნიერებს კვლევაში დახმარებას უწევს სპეციალური მიკროსკოპი, რომელიც მან დააპროექტა და დაამონტაჟა ულტრაიისფერი ნათურის და მანქანური სწავლის ალგორითმებით, რომლებიც აღმოაჩენენ მალარიას პაციენტის სისხლის ნიმუშში. რამდენიმე ამ მოწყობილობის ტესტირება მიმდინარეობს უგანდას კლინიკის უნივერსიტეტის გუნდის მიერ.

2021 წლის დეკემბერში, CZI-მ გამოაცხადა, რომ მომდევნო 10-15 წელიწადში წყვილი კიდევ 3,4 მილიარდ დოლარს ჩადებს ბიზნესში, აქედან დაახლოებით 1 მილიარდი მოხმარდება ჩანისა და ცუკერბერგის ბიოლოგიური ცენტრების ქსელის განვითარებას.

ჩიკაგოს ბიოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელად ჩანმა და ცუკერბერგმა დაიქირავეს ქიმიისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორი შანა კელი. კელი სპეციალიზირებულია სენსორების დიზაინში და მასთან დაკავშირებულ განვითარებაში და ასევე არის ოთხი კომპანიის თანადამფუძნებელი. ერთ-ერთი კომპანიაა GeneOhm Sciences, რომელიც 2006 წელს 230 მილიონ დოლარად სამედიცინო მოწყობილობების დეველოპერმა ბექტონ დიკინსონმა შეისყიდა და კელიმ საკმაოდ სერიოზული კვლევები ჩაატარა.

„იდეა არის სხეულისგან ქსოვილის აღება, მასში ათასობით სენსორის ჩასმა და სრულიად ახლებურად გაზომვა“, - ამბობს კელი გამოცემასთან საუბარში.

როგორც Forbes წერს, კვლევის ცენტრის წარმოებულ ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნება ქსოვილის მცირე ნიმუშები, რომლებიც აღებულია პაციენტების თანხმობით ქირურგიული პროცედურების დროს. ნიმუშებში მეცნიერები “დააკვირდებიან, თუ როგორ იქცევიან უჯრედები და ქსოვილები, როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან და რა ხდება, როდესაც ქსოვილი ნორმალურიდან ანთებით პროცესში გადადის“.

მიზანია დადგინდეს, თუ როგორ მუშაობს ანთებითი პროცესი და როგორ იწვევს დაავადებებს.

გასული წლის სექტემბერში ჩანმა და ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტის შესწავლისთვის კემპნერის ინსტიტუტი დააარსეს. (დაწესებულებას დაერქვა Facebook-ის დამფუძნებლის, კარენ კემპნერ ცუკერბერგის დედის სახელი).

ახლად დაარსეული დაწესებულებისთვის ცნობილმა წყვილმა 500 მილიონი დოლარი გამოიყო.

ხოლო წელს CZI კალიფორნიაში, მაღალი სიზუსტის სამედიცინო გამოსახულების მისაღებად ჩან-ცუკერბერგის ინსტიტუტს გახსნის. ამისთვის მათ 600 მილიონი დოლარი უკვე გამოყვეს. და როგორც ჩანს, ბიოლოგიური ცენტრები უფრო მეტიც იქნება.

ბიოჰაბები (Biohubs) არის ჩან ცუკერბერგის ინიციატივის სამეცნიერო საქმიანობის მხოლოდ ერთი ნაწილი. სხვა მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებსაც ისინი აფინანსებენ, არის განათლება და სათემო პროექტები.

CZI-ს სპიკერი ჯეფ მაკგრეგორი ამბობს, რომ ფონდი ცდილობს მხარი დაუჭიროს მეცნიერულ და ტექნოლოგიურ განვითარებას, რაც შესაძლებელს გახდის განკურნოს, თავიდან აიცილოს ნებისმიერი დაავადება.

წყარო: Forbes

თეონა რამაზაშვილი