არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ვაჭრობა 44.7%-ით გაიზარდა  - ტოპ-5 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

თბილისში დღეს, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმი იმართება, რომელსაც 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი თბილისში, ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები დღეს, 17 მარტს უნდა დასრულდეს და განისაზღვროს სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი ოფიციალური ხელმოწერისთვის მზად იქნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ურთიერთობები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საამიროებთან სავაჭრო ბრუნვამ 25 876 090 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 44,7%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 17 883 680 აშშ დოლარი იყო. ამასთან, წლიურად გაზრდილია როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3 203 440 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იმპორტმა 22 672 650 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ტოპ-5 პროდუქტს, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გთავაზობთ 2022 წლის ჯამურ მონაცემებს.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მდგომარეობით, ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი საამიროებიდან იყო:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 155 208 310 აშშ დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 20 248 690 აშშ დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 12 061 650 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 11 357 270 აშშ დოლარი;
  • ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 5 690 470 აშშ დოლარი.

2022 წლის მდგომარეობით, ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო:

  • მსუბუქი ავტომობილები - 11 187 110 აშშ დოლარი;
  • ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები - 2 100 580 აშშ დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1 896 430 აშშ დოლარი;
  • ცხვრები და თხები ცოცხალი - 1 494 750 აშშ დოლარი;
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1 167 580 აშშ დოლარი.
თაია არდოტელი