პროკურატურასა და კომპანია „ამბრი სოლუშენზს“ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და კომპანია „ამბრი სოლუშენზს“ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ და კომპანია „ამბრი სოლუშენზის“ დირექტორმა მიხეილ ბერიკაშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას გენერალური პროკურატურისა და კომპანიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია საქართველოს პროკურატურას გადასცემს მის მიერ შექმნილი პლატფორმით სარგებლობის უფლებას.

პლატფორმა საქართველოს პროკურატურას შესაძლებლობას მისცემს სწრაფად და ეფექტიანად მოახდინოს კიბერდანაშაულის ფაქტების გამოძიება, დროის მცირე მონაკვეთში განახორციელოს არალეგალური კრიპტოტრანზაქციების გამოვლენა, მათი ანალიზი და მიდევნება.

კომპანია „ამბრი სოლუშენზის“ მიერ შექმნილი პლატფორმით სარგებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის პროფესიული პროგრამების სწავლება და შესაბამისი ტრენინგები ჩატარდება.

შეხვედრაზე, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს, სწორედ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.