თბილისი-თიანეთის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 3 არსებული ხიდი, საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიის ტერიტორიებს. თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.