რა პრობლემა შეიძლება ამოვიკითხოთ რუსეთიდან შემოსულ დიდძალ ფულში? - რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რუსეთიდან შემოსულ ფულად გზავნილების საკითხს ეხმაურება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რუსეთიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემოვიდა მხოლოდ სწრაფი ფულადი გზავნილებით 2,5 მილიარდი დოლარი. აქედან თითქმის 800 მილიონი დოლარი დაილექა ეროვნული ბანკის რეზერვებში, ლარი გაამყარა სამიდან 2,6-მდე და რომ არა ეროვნული ბანკის შესყიდვები, სადამდე გამყარდებოდა ღმერთმა იცის. მყარმა ლარმა ხელი შეუშალა ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდას. შემოსული ფულის ნაწილი ხმარდება ადგილობრივ ბიზნესს და მოსახლეობას. გადმორიცხული ფულის საკმაო ნაწილი არის იმ ქართველების მიერ შემოტანილი თანხა, რომლებიც ტოვებენ რუსეთს, ყიდიან ბიზნესებს და ქონებას. ეს სატელევიზიო ექსპერტები კი გაჰყვირიან, რომ ვიღუპებით, რუსეთის ფინანსური გავლენა იზრდებაო. არა და თავად რუსეთის ხელისუფლება უნდა ყვიროდეს, რომ თავქუდმოგლეჯით გარბის კაპიტალი ამ ქვეყნიდან.

რა პრობლემა შეიძლება ამოვიკითხოთ რუსეთიდან შემოსულ დიდძალ ფულში?

1. შემოდიან რუსი მოქალაქეები (ეს ადმინისტრაციული საკითხია და არა ფინანსური)

2. გაჩნდა ე. წ. ჰოლანდიური სინდრომის საფრთხე (ეს არის ფინანსური პრობლემა).

თუ დასახელებული ორი პრობლემა დროებითია, ეს ერთი საკითხია, თუ ხანგრძლივი - მეორე. ამაზე უნდა იყოს მსჯელობა და არა პოლიტიზებულ ინტერპრეტაციაზე, რომელსაც არ პოლიტიკური ეფექტი აქვს. როცა ფული შემოდის, ის ვიღაცის ჯიბეში ხვდება. გული მარცხნივ მიმაქანებს, მაგრამ ჯიბე მარჯვნივო, ეს ფრანგული პოლიტიკური სენტენციაა,“- წერს გოცირიძე.