დოჰაში, ოთარ შამუგიამ და კატარის სახელმწიფოს გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

კატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კატარის სახელმწიფოს გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრს, შეიხ ფალეჰ ბინ აჰმედ ბინ ალი ალ თანის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების ფონზე გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობის საკითხი განიხილეს.

ოთარ შამუგიამ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, წყლის რესურსების მართვის, დაცული ტერიტორიების გაფართოების, ნარჩენების მართვის და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას წყლის რესურსების, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლის, ბიომრავალფეროვნების, ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების შერბილების მიმართულებით.

კატარის გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიას კატარის სახელმწიფოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უწყებებს შორის გარემოს დაცვის სფეროში შემუშავებულ მემორანდუმს ახალ ეტაპზე გადაჰყავს არსებული თანამშრომლობა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

„მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი კვლევების ჩატარება ხელს შეუწყობს ურთიერთობის განვითარებას არა მხოლოდ გარემოს დაცვის სფეროში, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე.

შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.