ბრიტანეთთან ვაჭრობა 80.6%-ით გაიზარდა - ტოპ-5 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. მისი თქმით, ბრიტანეთი არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო ურთიერთობები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ბრიტანეთთან სავაჭრო ბრუნვამ 7 925 560 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 80.6%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 4 388 660 აშშ დოლარი იყო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წლიურად გაზრდილია იმპორტი გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო ექსპორტი პირიქით შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში ბრიტანეთში 566 620 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა (2022 წელი - 604 390 აშშ დოლარი), ხოლო იმპორტმა 7 358 950 აშშ დოლარი შეადგინა (2022 წელი - 3 784 270 აშშ დოლარი).

რაც შეეხება ტოპ-5 პროდუქტს, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ გაერთიანებულ სამეფოში, გთავაზობთ 2022 წლის ჯამურ მონაცემებს.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მდგომარეობით, ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი ბრიტანეთიდან, იყო:

  • მსუბუქი ავტომობილები - 17 013 660 აშშ დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 14 596 880 აშშ დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 7 488 590 აშშ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5 194 560 აშშ დოლარი;
  • ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი - 4 705 630 აშშ დოლარი.

2022 წლის მდგომარეობით, გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი იყო:

  • სხვა ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან - 3 718 430 აშშ დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 2 087 900 აშშ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1 636 110 აშშ დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1 592 190 აშშ დოლარი;
  • ინიციატორები, დამაჩქარებლები რეაქციებისა და კატალიზატორები - 1 403 110 აშშ დოლარი.

თაია არდოტელი