ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაქაჩვები იზრდება, თუმცა სატრანზიტო ნავთობის მოცულობამ მოიკლო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით იანვარ-თებერვალში ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ 4,629 მლნ ტონა შეადგინა, რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,2%-ით მეტია. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტში განუცხადეს.

იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდულ მთლიან მოცულობაში ბთჯ-ის მილსადენის წილი 76,5%-ია.

რაც შეეხება სატრანზიტო ნავთობს, 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ბთჯ-ის გავლით მისმა მოცულობამ 21,8%-ით მოიკლო და 626,7 ათასი ტონა შეადგინა.

2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ 29,750 მლნ ტონამდე შეადგინა, რაც წინა 2021 წელზე 12,6%-ით მეტია. აქედან 5,104 მლნ ტონა სატრანზიტო ნავთობი იყო, რომლის მოცულობამაც, 2021 წელთან შედარებით, 41,8%-ით მოიმატა.

ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, შაჰდენიზის კონდენსატი და SOCAR-ის კუთვნილი ნედლეული გადაიქაჩება. ამ მილსადენში, ასევე, კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობი გაედინება.

ბთჯ-ის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ - საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ