ქართული სატაცურისა და მოცვის მწარმოებელი შპს „ჯეოფრეში“ წელს 25 ტონამდე სატაცურის მოსავალს სპარსეთის ყურეს ქვეყნებში ექსპორტისთვის ამზადებს.
“ჯეოფრეშის“ წარმომადგენლის სალომე ქველიაშვილის განცხადებით, კომპანიამ GlobalG.AP სერტიფიკატი განაახლა და მზადაა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ექსპორტისთვის.
როგორც east-fruit-ი წერს, დღეისათვის, კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში 13 ჰექტარზე სატაცურს აწარმოებს. ქველიაშვილის თქმით, წელს სეზონი აპრილის ბოლოს დაიწყება. კომპანიამ მოამზადა ახალი სამაცივრე მეურნეობაც, სადაც სატაცურის დახარისხება და შეფუთვა მოხდება.
„ჯეოფრეშის“ სატაცურის საექსპორტო ფასი წელს, ხარისხის გათვალისწინებით, 10-11 დოლარი იქნება.
ცნობისათვის, კომპანია „ჯეოფრეში“ სამეგრელოს რეგიონში 7 ჰექტარზე მოცვის პლანტაციას ფლობს. ექსპორტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, პროდუქტის ჯიშის შეცვლა და სამაცივრე დანადგარების განახლება მოხდა.