"თბილისის ისტორიული შენობები არის ჩვენი საგანძური, შესაბამისად, დღეს ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ"

თბილისის საკრებულომ ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის მიმართულებით მომზადებული ორი პროგრამა დაამტკიცა.

როგორც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, პროგრამის შემუშავებაში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო აქტიურად მონაწილეობდა.

ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, შესაძლებელი ხდება ავარიული სახლების მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების, ან რეაბილიტაციის პროცესში ბიზნეს სექტორის მონაწილეობა. მისივე თქმით, ბიზნესი, ავარიული სახლების ჩანაცვლებას, ან რეაბილიტაციას მხოლოდ ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად განახორციელებს.

„თბილისის ისტორიული შენობები არის ჩვენი საგანძური. შესაბამისად, დღეს ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ. რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. თბილისისთვის ისტორიული უბნებსა და ურბანული ქსოვილის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა ორი პროგრამა, რომელთა თანახმადაც, თბილისის განვითარების ფონდი ბიზნესს უკვე დამტკიცებულ პროექტებს შესთავაზებს. მათ კი საშუალება ექნებათ ამ პროექტების მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით და ფონდის ზედამხედველობით, ავარიული შენობები ჩაანაცვლონ, ან რეაბილიტაცია ჩაუტარონ. ამის სანაცვლოდ კი, ბიზნესის საკუთრებაში არსებულ არაისტორიულ უბნებში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთზე დეველოპერები შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლებენ. იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო კომპანიას არ ექნება სურვილი, პირადად შეასრულოს სამუშაოები, მას მიეცემა შესაძლებლობა, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, ბიუჯეტში თანხა შეიტანოს, რაც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას მოხმარდება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს, სურვილის შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი ქონების გასხვისების პროცესი აუქციონის საშუალებით მერიამ უზრუნველყოს.