Credit Suisse-ის შეძენას მსოფლიოს უმსხვილესი კერძო ბანკი აპირებს

შვეიცარიაში დაფუძნებულმა მულტინაციონალურმა საინვესტიციო ბანკმა UBS Group AG, შესაძლოა, Credit Suisse მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძინოს. ქვეყნის ორი უმსხვილესი კრედიტორის წარმომადგენლები ერთმანეთს შაბათ-კვირას შეხვდებიან, რაც, შესაძლოა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე შედეგიანი საბანკო კომბინაციით დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ UBS შვეიცარიაში უმსხვილესი საბანკო ინსტიტუციაა და ყველაზე მსხვილი კერძო ბანკია მსოფლიოში.

მოლპარაკებებს შვეიცარიის ეროვნული ბანკი და საფინანსო სექტორის ზედამხედველი ორგანო FINMA აწარმოებენ. მათი ინტერვენცია საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც Credit Suisse-სს 54 მილიარდი დოლარის დახმარების მიღება დასჭირდა ეროვნული ბანკისგან.

თუმცა ამ დახმარებამ აქციების ფასების კლების დენტენიცია ვერ შეაჩერა და მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდმა ინვესტორმა განაცხადა, რომ ბანკში კაპიტალის ჩადებას წყვეტდა, კლიენტებმა აქტივების გამოტანა გააგრძელეს.

ცნობისთვის, ბოლო წლებში შვეიცარული კრედიტორების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, UBS-ის აქციები 120%-ით გაძვირდა და კაპიტალიზაციამ 56.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, Credit Suisse-ის აქციები კი პირიქით, 70%-ით გაუფასურდა და 8 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა. პოტენციური გარიგების მიზანი კი სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორებაა.

კახი ჩაკვეტაძე