არგენტინაში ინფლაციამ 100%-ს გადააჭარბა

არგენტინაში ინფლაციის მაჩვენებელმა 100%-ს გადააჭარბა, რაც 90-იანი წლების ჰიპერინფლაციური პერიოდის შემდეგ პირველად მოხდა.

ქვეყნის სტატისტიკის სააგენტოს თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასები წლიურად 102.5%-ით გაიზარდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2022 წლის ანალოგიური პერიოდის შემდეგ ფასები თითქმის გაორმაგდა.

წლებია, არგენტინა ეკონომიკურ პრობლემებშია და უამრავ ადამიანს სიღარიბეში უწევს ცხოვრება. ინფლაციის ზრდის ტემპის შეჩერებას მთავრობა სურსათზე ფასებზე ჭერის დაწესებით ცდილობს, თუმცა სწორედ ამ სექტორში გაძვირდა პროდუქტები ყველაზე მეტად თებერვალში და წინა თვესთან შედარებით ზრდამ 9.8% შეადგინა.

არგენტინული მედიის თანახმად, ინფლაციის მკვეთრ ზრდას, ნაწილობრივ, ხორცის 20%-ით გაძვირება განაპირობებს ერთი თვის განმავლობაში. არახელსაყრელმა ამინდმა, ხანგრძლივმა სიცხემ და გვალვამ სერიოზულად იმოქმედა პირუტყვსა და ნათესებზე.

უნდა ითქვას ისიც, რომ 100%-იან ზღვარს გადაცდენა მხოლოდ სიმბოლურია და ინფლაციის დამანგრეველ ეფექტებს არგენტინელები უკვე დიდი ხანი საკუთარ თავზე გრძნობენ. გასული წლის სექტემბერში დემონსტრანტები ქუჩაშიც გამოვიდნენ და მთავრობისგან შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვეს, რის შემდეგაც ცენტრალურმა ბანკმა ახალი, 2,000-პესოიანი ბანკნოტი გამოუშვა.

მთავრობა დიდი ხანია ცდილობს სამომხმარებლო ფასების ზრდის შეკავებას, თუმცა განხეთქილებამ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა შელახა.

2022 წლის ზაფხულში, ეკონომიკური კრიზისის გამწვავებასთან ერთად, 4-კვირიან შუალედში არგენტინაში 3 ეკონომიკის მინისტრი შეიცვალა.

დეკემბერში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნის დასახმარებლად კიდევ 6 მილიარდი დოლარი გამოყო, რომელიც 30-თვიანი და 44 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტის ნაწილია.

კახი ჩაკვეტაძე