მამუკა გამყრელიძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კრემლის რეჟიმის  ცვლილებას დააჩქარებს

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კრემლში ძალაუფლების ტრანზიციის დაჩქარებას გამოიწვევს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას შესაძლოა, არ მოჰყვეს პუტინისტური ავტოკრატიული სისტემის დანგრევა და კრემლის მომავალი ხელისუფლებაც ავტოკრატული იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახალი ხელისუფლება, პირველ ხანებში მაინც, იძულებული გახდება, მნიშვნელოვნად შეარბილოს დასავლეთთან ურთიერთობები და ასევე, შეცვალოს დამოკიდებულება უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც გასულ კვირაში განვითარდა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა განვიხილოთ ვიწრო ჭრილში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური ადრესატი არის სი ძინპინი და პუტინი თამაშობს ობიექტის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დროის პერიოდი, როდესაც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ჰააგის ვერდიქტი პუტინთან დაკავშირებით ბუჩას ტრაგედიის შემდეგ ჰკიდია პუტინის თავზე, თუმცა გადაწყვეტილების გახმაურება მოხდა სწორედ ახლა, რაც შემთხვევითი არ არის მოსკოვში სი ძინპინის დაგეგმილი ვიზიტის წინ. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი არ შედის რომის სტატუტის ქვეყნებს შორის, ჰააგის ვერდიქტი გარკვეულ უხერხულობას მაინც შეუქმნის სი ძინპინს მოსკოვში ვიზიტის წინ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის თქმით, სი ძინპინმა ბოლო პერიოდში აქტიურად წამოიწყო და მოირგო „მშვიდობისმყოფელის“ როლი.

„გასულ კვირას ჩინეთმა მიაღწია უდიდეს დიპლომატიურ წარმატებას, როდესაც პეკინში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა ირანი და საუდის არაბეთი, რასაც შედეგად მოჰყვა დიპლომატიური მისიების გაცვლა და მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად მისი კავშირი ირანთან, რაც პეკინის დიპლომატიური გამარჯვებაა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მარცხი. დასავლეთისთვის ჩინეთის, როგორც „მშვიდობისმყოფელის“ წაუგებელი თამაშის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში, პარალელურად მიმდინარეობს ჩინეთის, რუსეთის, ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტების სწავლება ამანის ყურეში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხდება ამ სამეულის ჩამოყალიბება ავტოკრატიული რეჟიმების მომავალი ალიანსისთვის.

„ამ პროცესების გათვალისწინებით, ჰააგის გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ ამერიკა - ჩინეთის მომავალი დიდი დაპირისპირების ჭრილში. ჰააგის სასამართლოს სანქცია, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას შეუქმნის პუტინს. ის ვერ შეძლებს დაესწროს სექტემბერში ინდოეთში C 20 - ის სამიტს, ამასთან ერთად ამ გადაწყვეტილებით პუტინის კონტაქტები საერთაშორისო პოლიტიკაში ბაშარ ასადის მსგავსი დიქტატორების და ასევე ავტოკრატების დონემდე შეიზღუდება“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.