„ეს სევდიანი და ისტორიული დღეა“ -  UBS-ი Credit Suisse-ს 3.25 მილიარდ დოლარად ყიდულობს

მღელვარე შაბათ-კვირისა და მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც სათავეში შვეიცარიელი მარეგულირებლები ედგნენ, UBS-ი Credit Suisse-ის 3.25 მილიარდ დოლარად შეძენას დათანხმდა. მოლაპარაკებების მიზანი ქვეყნის საბანკო სისტემის დაცვა და კრიზისის გლობალურ მარკეტებზე გავრცელებისგან თავის დაზღვევაა.

ქვეყნის ეროვნული ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა გადაუდებელი დახმარებისთვის - 54 მილიარდი დოლარი - საკმარისი არ აღმოჩნდა Credit Suisse-ის აქციების ღირებულების მკვეთრი ვარდნის შესაჩერებლად, რაც კალიფორნიული Silicon Valley Bank-ის უეცარმა კოლაფსმა განაპირობა.

ეს კომბინაცია ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ბანკს შექმნის. UBS-ის ბალანსზე აქტივების საერთო ღირებულება 1.1 ტრილიონ დოლარამდეა, Credit Suisse-ის კი 575 მილიარდი დოლარი.

„ეს არ არის დახმარება. ესაა კომერციული გამოსავალი. [Credit Suisse-ის] გაკოტრება უზარმაზარ კოლატერალურ ზარალს მიაყენებდა შვეიცარიულ საფინანსო სისტემასა და კრიზისის საერთაშორისო დონეზე გავრცელების რისკს გააჩენდა“, - თქვა შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა, კარინ კელერ-სუტერმა.

აღსანიშნავია, რომ UBS-ი Credit Suisse-ის მთავარი კონკურენტი იყო და ამ გარიგებით, ფაქტობრივად, ბანკის 167-წლიანი ისტორია სრულდება.

ბოლო წლებში რამდენიმე სკანდალმა Credit Suisse-ის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დააზარალა და მილიარდობით დოლარის ზიანი მოუტანა. გასული წლიდან დღემდე ბანკის აქციები 74%-ით გაუფასურდა და საბაზრო კაპიტალიზაცია 8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

მდგომარეობა სრულიად კონტრასტულია UBS-ის შემთხვევაში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 57 მილიარდ დოლარს შეადგენს და გასულ წელს 7.6 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო, მაშინ როცა Credit Suisse-ი 7.9 მილიარდიან წაგებაზე იყო. ამ გარიგებით კი UBS-ი მსოფლიოში სიმდიდრის მენეჯმენტის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუცია ხდება.

Credit Suisse-ის თავმჯდომარის, ალექს ლემანის თქმით, "ესაა ისტორიული მომენტი, სევდიანი და გამოწვევებით სავსე დღე შვეიცარიისათვის და გლობალური საფინანსო სისტემისთვის".

კახი ჩაკვეტაძე