რა დარღვევები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა „საქართველოს რკინიგზაში“?

აუდიტის სამსახურმა „საქართველოს რკინიგზის“ შესყიდვების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში პარლამენტში გამართულ მოსმენაზე მთავარმა აუდიტორმა განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რკინიგზის საქმიანობას სწავლობდა.

როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სს „საქართველოს რკინიგზის“ 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ელექტრონული ტენდერები

პრეტენდენტისთვის გამარჯვებულის სტატუსის უსაფუძვლოდ მინიჭება - 247 780 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერის საგანს წარმოადგენდა უნიფორმების შესყიდვა. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა დაზუსტებული ფასების ცხრილში ორ პოზიციაზე შეცვალა მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა, რაც დავების განხილვის საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ითვლება ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებად. შესაბამისად, პრეტენდენტი ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, რაც სს „საქართველოს რკინიგზამ“ არ განახორციელა და მიმწოდებელს გაუფორმა 92,642 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება.

შესყიდვების კანონმდებლობის ხარვეზი - 2021 წელს გამოცხადებული 1,400,000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერის შესყიდვის საგანს წარმოადგენდა სამგზავრო გადაყვანების მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვა. კომპანიამ ტენდერში უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა არასათანადოდ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებული ფასების ცხრილში ცალკეული პოზიციის ღირებულებების ჯამი 0.06 აშშ დოლარით ნაკლები იყო, ამავე ფასების ცხრილში მითითებულ ჯამურ/საერთო ღირებულებაზე.

კომპანიამ ელექტრონულ ტენდერებში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების არსებულ რეგულაციებში მოქნილი მექანიზმის არარსებობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტს და გააფორმა 8,600 ლარით მეტი ღირებულების ხელშეკრულება.

ამრიგად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი რეგულაციები სრულად ვერ უზრუნველყოფს შესყიდვების კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზნის − სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

არასათანადოდ განსაზღვრული სატენდერო მოთხოვნები - 2021 წელს გამოცხადებული 282,374 ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ლოკომოტივის სასინჯი თხრილის შეკეთების სამუშაოები. სატენდერო პირობებით, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა, მინიმუმ, რკინა-ბეტონის მოწყობის, რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობის და ელგაყვანილობის განხორციელების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს „სამშენებლო კომპანია ბარსიმ“, შერჩევა-შეფასების ეტაპზე გამოცდილების დასადასტურებლად წარადგინა ტენდერის გამოცხადებიდან 5 დღის შემდეგ ფიზიკურ პირთან გაფორმებული 420 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ეზოს მოწყობის სამუშაოები. სატენდერო კომისიამ პრეტენდენტი გამოაცხადა გამარჯვებულად და გაუფორმა 90,143 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. კომპანიის განმარტებით, მიმწოდებელმა შეძლო სამუშაოების მხოლოდ 15%-ის შესრულება.

კომპანიის მხრიდან სატენდერო დოკუმენტაციაში პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები არ იყო სათანადოდ განსაზღვრული, რის გამოც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შესყიდვის ობიექტის მოცულობასთან შეუსაბამო გამოცდილების მქონე კომპანია, რომელმაც ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულება.

ამასთანავე, სს „საქართველოს რკინიგზამ“ ვერ განახორციელა სათანადო კონტროლი ხელშეკრულების შესრულებაზე და ხელშეკრულება შეწყვიტა დაგვიანებით, რის გამოც ვერ შეძლო 3,820 აშშ დოლარის ოდენობის საგარანტიო თანხის გამოთხოვა. კომპანიის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისათვის, კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ღირებულება აღემატებოდა საგარანტიო უზრუნველყოფის თანხას და შესაბამისად, აღარ გახდა საჭირო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოთხოვა.

ხელშეკრულების ღირებულების დაუსაბუთებლად გაზრდა - 2020 წელს გამოცხადებული 1 080 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ჯართის და ფერადი ლითონის დახარისხების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულებაში სათანადო დასაბუთების გარეშე შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 39 000 ლარით. კონტრაქტორმა ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების მიზეზად დაასახელა ჯართის დახარისხების ადგილამდე 24 კმ სიგრძის გზის გაყვანისა და მოსწორების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხელის შემშლელი გარემოებების წარმოშობის ფაქტი.

ელექტრონული პროცედურა

ხელშეკრულების შესრულების გარანტიის შეუსაბამობა ელექტრონული პროცედურის პირობებთან - შესყიდვის ელექტრონული პროცედურების პირობების თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, 50 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადას. ხშირ შემთხვევებში ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოქმედების ვადა არ შეესაბამება ელექტრონული პროცედურების პირობებით დადგენილ ვადას. თუმცა აღსანიშნავია, რომ არ დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადას არ ფარავდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა.

პრეტენდენტების შერჩევა-შეფასების პროცესის ნაკლოვანება - კომპანიის შესყიდვების სპეციალურ წესში, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრისათვის დადგენილი ვადების არ არსებობის გამო, სხვადასხვა ტენდერში პრეტენდენტებს, დასაზუსტებელი დოკუმენტების შემდგომი მოძიებისა და წარდგენისათვის, ფაქტობრივად ეძლეოდათ ერთმანეთისაგან განსხვავებული ვადები. აღნიშნული სრულად არ აკმაყოფილებდა იმავე წესის მოთხოვნას, შესყიდვების განხორციელებისას დაცული ყოფილიყო პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი მიდგომის პრინციპი.

სხვადასხვა შეუსაბამობები

ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი - კომპანიის ელექტრონული ტენდერებისა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურების მნიშვნელოვან ნაწილში განსაზღვრული ანგარიშსწორების გრძელვადიანი პერიოდი, შესაძლოა ამცირებდეს პოტენციური პრეტენდენტების მიერ ტენდერებში მონაწილეობის მოტივაციას და კონკურენციის დონეს, რაც ქმნის შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკს.

ბაზრის კვლევის ნაკლოვანებები - ელექტრომატარებლების დაზღვევის მომსახურების 5-წლიანი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2021 წლის 25 ივლისს. 2021 წლის შესყიდვების გეგმის შედგენის დროს, კომპანიას ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესყიდვის პროცედურის განსახორციელებლად, ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ბაზრის კვლევის პროცედურები კომპანიამ დაიწყო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე, თუმცა საკვლევი ობიექტის კომპლექსურობის გამო, აღნიშნული პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი. შედეგად, ტენდერი ვერ გამოცხადდა წინა ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, რის შედეგადაც კომპანიას დაუდგა სადაზღვევო მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული წესით შესყიდვის აუცილებლობა. აღნიშნული ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის პრინციპს. შედეგად, სხვადასხვა დროს, 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, კომპანიას ელექტრომატარებლები არ ჰქონდა დაზღვეული და ასევე 14,000 აშშ დოლარზე მეტი თანხა გადაიხადა ეკონომიურობის პრინციპის დარღვევით.

სს „საქართველოს რკინიგზამ“ ზოგიერთ შემთხვევაში ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რაც არ შეესაბამება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნას. წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უმეტეს შემთხვევებში არ არის სისტემატიზებული და სრულყოფილი. სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმები არ არის შედგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა − კომპანიის მიერ განხორციელებული ბაზრის კვლევა უზრუნველყოფს თუ არა კონკურენტული გარემოს შექმნას და ფულადი სახსრების რაციონალურ განკარგვას.

თაია არდოტელი