ბიტკოინის ფასმა 28 ათას დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა 19 მარტს გამართული სავაჭრო სესიის განმავლობაში 28,035 დოლარს მიაღწია. ამის შესახებ მოწმობს Coindesk-ის მონაცემები, რომელიც ასახავს თბილისის დროით 22:19 საათისთვის არსებულ ფასს.

უკვე დღევანდელი 11:57 საათის მდგომარეობით კი ერთი ბიტკოინის ფასია 28,290 დოლარი (+4,63%).

ბოლოს ბიტკოინის ფასი 28,000 დოლარზე მეტად 2022 წლის 12 ივნისს ივაჭრებოდა.

ბიტკოინი არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ამავე სახელწოდების კრიპტოვალუტის დეცენტრალიზებული სისტემა, რომლის „მაინინგი“ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ბიტკოინის მიწოდება შეზღუდულია, ამჟამად მათი უმეტესობა უკვე „მაინირებულია“.

სისტემის კონცეფცია 2008 წლის ნოემბერში მისმა ავტორმა (შესაძლოა, ავტორთა გუნდმა) ფსევდონიმით Satoshi Nakamoto გამოაქვეყნა. ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ გასულ წლებში დაფიქსირდა, როცა ერთეული ბიტკოინის ფასმა 60 ათას დოლარს გადააჭარბა.

კოკა კვირკველია