„ძალიან დიდი ფაზლია ეს და თუ ამან სინქრონში არ იმუშავა, არ აეწყობა, შესაბამისად, ამაზე საუბარი გამოდის სადღეგრძელო“ - ოთო აბესაძე დამსაქმებელი-დასაქმებულის ურთიერთობაზე

„არსებული ლარის და ინფლაციის მდგომარეობით, ჩვენ რომ ვისაუბროთ, ძლიერ ბიზნესზე, რომელიც დასაქმებულს გადაუხდის ადეკვატურ ხელფასს - ძალიან დიდი ფაზლია ეს და თუ ამან სინქრონში არ იმუშავა, არ აეწყობა, შესაბამისად, ამაზე საუბარი გამოდის სადღეგრძელო და მეტი არაფერი“, - ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული მეთოდოლოგიით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასის გამოთვლა არასწორია, რადგან გარდა საჯარო სამსახურებისა, ქვეყანაში ხელფასი ძირითადად ორ პირს შორის მოლაპარაკების საგანია და ამასთან, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 1 773 ლარი შეადგინა, რეალობას არ ასახავს.

„მეთოდოლოგია, რა პრინციპითაც იანგარიშება საქართველოში საშუალო ხელფასი, კი ბატონო, აბსოლუტურად სწორია, რომ ეს არის საერთაშორისო მეთოდოლოგია, მაგრამ როდესაც საქართველოში საშუალო ხელფასს ვანგარიშობთ ისე, როგორც ეს კეთდება გერმანიაში, არასწორია. სადაც საათობრივი მინიმალური ანაზღაურება არის 12,78 ევრო, მარტივია, დაიანგარიშო, მაგრამ შენ ქვეყანაში, კანონმდებლობით განსაზღვრულია მინიმალური ხელფასი 20 ლარი თვიურად.

ამას დამატებული, ხელფასი არის ორ პირს შორის მოლაპარაკების საგანი და რეალურად, ფიქსირებული ხელფასი, საჯარო სამსახურის გარდა, შეუძლებელია გამოიყვანო კერძო სტრუქტურებიდან, უბრალოდ, ძალიან რთულია აქ საშუალო არითმეტიკულით დაიანგარიშო თვიური საშუალო ხელფასი.

საქართველოში არ არის მოწესრიგებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორში, ძირითად ნაწილში ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებით თვითდასაქმების სფეროში, შესაბამისად, ვერ დაადგენ ობიექტურ ჭეშმარიტებას. საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 773 ლარი არ არის!“- აღნიშნა ოთო აბესაძემ.

მისი თქმით, მანამდე კი, სანამ დასაქმებულის უფლებებზე გადავალთ, დამსაქმებლის უფლებები უნდა დავიცვათ, რათა მან შეძლოს ობიექტური ანაზღაურების გადახდა.

„რა თქმა უნდა, დამსაქმებლებს სჭირდებათ დაცვა, როდესაც ქვეყანაში გვაქვს ლარიზაცია, ორნიშნა ინფლაცია და ძალიან დიდი ეკონომიკური ტურბულენტობა... დამსაქმებელი არის ადამიანი, რომელიც ახდენს პროდუქციის იმპორტირებას, ან შექმნას და გაყიდვას, თუ მას ეკონომიკამ არ შეუწყო ხელი, რანაირად შეძლებს, რომ შექმნას კვალიფიციური ეკონომიკური ბრენდინგი, გააკეთოს ამის ერთგვარი მონეტიზაცია და გადაიხადოს მაღალი ხელფასი?!

საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ გადასახადები არის დაბალი, სინამდვილეში გადასახადები არის ინფლაციური ნაზარდით. როდესაც არის ინფლაცია მზარდი, ეს აწვება ბიზნესს წნეხად.

დღეს საქართველოში საკმაოდ მაღალი გადასახადებია. ამას ემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაუაზრებელი რეფინანსირების განაკვეთი, რა დროსაც ბიზნეს სესხის პროცენტები აწეულია იმ დონეზე, რომ ბიზნესმა სესხი რომ აიღოს, საკუთარი კომპანიასაც ვეღარ ემსახურება და ხარჯებს ვეღარ ფარავს. რეალურად უწევს სხვა რესურსებიდან თანხის დამატება. საქართველოში მონეტარული პოლიტიკა არ გვაქვს, ასევე, არ იწარმოება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შექმნის ახალ მონეტიზაციას და რეალურად მოახდენს მიზნობრივ ინფლაციურ დონეზე დაყვანას ამ პარამეტრების, რა როდესაც მივიღებთ ობიექტურ შედეგს.

ქვეყანა არ მიისწრაფვის იმისკენ, რომ მოხდეს ვალუტის ცვლილება და საქართველო შევიდეს ევროზონაში იმ კუთხით, რომ მიიღოს ახალი, მძლავრი ვალუტა. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. არსებული ლარის და ინფლაციის მდგომარეობით, ჩვენ რომ ვისაუბროთ ძლიერ ბიზნესზე, რომელიც დასაქმებულს გადაუხდის ადეკვატურ ხელფასს - ძალიან დიდი ფაზლია ეს და თუ ამან სინქრონში არ იმუშავა, არ აეწყობა, შესაბამისად, ამაზე საუბარი გამოდის სადღეგრძელო და მეტი არაფერი“,- განაცხადა ოთო აბესაძემ.

ნინი ქეთელაური