რუსეთი კვლავ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია - ტოპ-5 პროდუქტი, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩრდილოეთში

2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, რუსეთი კვლავ საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა, ხოლო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-2 პოზიციას იკავებს.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 38.1%-ით, ხოლო იქიდან იმპორტი 86.3%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, იანვარ-თებერვალში რუსეთში 128 245 400 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 92 878 200 აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში რუსეთიდან საქართველოში 338 824 6 00 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 1 წლის წინანდელი მაჩვენებელი 181 902 700 აშშ დოლარს შეადგენდა.

ტოპ-5 პროდუქტი 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, რასაც ვყიდით რუსეთში:

  • ფეროშენადნობები - 45 327 590 აშშ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 23 880 100 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 13 514 950 აშშ დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 10 715 140 აშშ დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 8 844 140 აშშ დოლარი.

ტოპ-5 პროდუქტი 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, რასაც ვყიდულობთ რუსეთში:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 108 575 430 აშშ დოლარი;
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 68 415 960 აშშ დოლარი;
  • ხორბალი და მესლინი - 10 119 160 აშშ დოლარი;
  • ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - 8 242 420 აშშ დოლარი;
  • ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა - 8 055 070 აშშ დოლარი.
თაია არდოტელი