ევროპაში გაზის ფასი 2021 წლის ივლისის მინიმუმზეა, მცირდება ნავთობის ღირებულებაც

ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 434 დოლარი შეადგინა, რაც მინიმალური ფასია 2021 წლის ივლისის შემდეგ.

ამის შესახებ მოწმობს ნიდერლანდების TTF ჰაბში მიმდინარე სესიის მონაცემები. აღნიშნულს კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ევროპის გაზის საცავების 55,75%-იანი შევსება, რაც 21%-ით მეტია წინა წლების ამავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე. ამასთან, ევროპის მასშტაბით შედარებით თბილი ამინდები გრძელდება, ეს კი ხელს უწყობს ბუნებრივი აირის ნაკლებ მოხმარებას. გასულ კვირას ევროპის საცავებიდან მხოლოდ 1,6 მლრდ კუბერი მეტრი გაზი მოიხმარეს, რაც არსებითად ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ წლის ამ პერიოდში.

გაზის პარალელურად სულ უფრო იაფდება ნავთობიც, დღეს დილის მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი თბილისის დროით 12:30 საათისთვის 73,38 დოლარად ივაჭრებოდა, რაც წინა დღის სესიის ბოლოს დაფიქსირებულ ფასზე ნაკლებია. რაც შეეხება ამერიკულ WTI ტიპის ნავთობს, ნიუ-იორკის ბირჟაზე მისი ფასი 66,77 დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა ორშაბათს სესიის დახურვის წინ 67,64 დოლარი ღირდა.

კოკა კვირკველია