UBS-ისა და Credit Suisse-ის შერწყმის შედეგად ათიათასობით თანამშრომელმა შესაძლოა, სამსახური დაკარგოს

შვეიცარიის კონფედერაციის უმსხვილესი ბანკის UBS-ის მიერ ასევე შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის შეძენის შედეგად ათიათასობით სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დადგება. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, მთლიანობაში, შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გაერთიანებული საბანკო ჯგუფის 120 000 თანამშრომლიდან მესამედზე. გათავისუფლების უმეტესი წილი მოვა შიდა ბიზნესსა და Credit Suisse-ის საინვესტიციო მიმართულებებზე, სადაც 30 000 პირია დასაქმებული. წყაროს ცნობით, რომელიც UBS-ის გეგმებს იცნობს, მოსალოდნელია, რომ სამუშაოს დაკარგავს 17,000 საინვესტიციო ბანკირი, რადგან განყოფილება პრაქტიკულად, ლიკვიდაციას დაექვემდებარება.

UBS, რომელსაც მთელ მსოფლიოში 74,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ასევე აპირებს გააუქმოს Credit Suisse-ის თანხვედრი ფუნქციები შვეიცარიაში, დახუროს ფილიალები და შეამციროს ადმინისტრაციული თანამდებობების რაოდენობა. 2022 წლის ბოლოს Credit Suisse-ში 50 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, 2023 წლის დასაწყისში კი 4 000 სამსახურიდან დაითხოვეს.

შეგახსენებთ, 19 მარტს შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ (მთავრობამ) დაამტკიცა UBS-ის მიერ Credit Suisse-ის შესყიდვა და გარანტიები მისცა ქვეყნის ეროვნულ მარეგულირებელს Credit Suisse-ისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით. გარიგების თანხა 3 მილიარდი ფრანკია (3,24 მილიარდი დოლარი). მანამდე Credit Suisse-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღიარა შიდა კონტროლის სისუსტე. ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ულრიხ კორნერმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა მომხმარებელთა გადინების შესახებ. ბანკების გაერთიანება სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება.

კოკა კვირკველია