"თუ კეზერაშვილზეა საუბარი, მივესალმები, დასასანქცირებელია - მისი დაფინანსებული ძალადობრივი დაჯგუფებები ახორციელებდნენ შტურმს პარლამენტზე"

მგონი, კეზერაშვილზეა საუბარი, რადგან დესტაბილიზაციას კეზერაშვილი აწყობდა ერთი კვირის წინ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირისგან საქართველოსა და მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების დასანქცირებას მოითხოვენ.

კობახიძე ამბობს, რომ აგენტების კანონთან დაკავშირებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე კეზერაშვილი ძალადობას და პარლამენტზე შტურმს აფინანსებდა.

„თუ მასზეა საუბარი, მივესალმები. მის მიერ დაფინანსებული ძალადობრივი დაჯგუფებები ახორციელებდნენ შტურმს საქართველოს პარლამენტზე, ეს იყო კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული, საქართველოში ოლიგარქი აფინანსებს დესტაბილიზაციის მცდელობებს. ძალადობრივი დაჯგუფებები დაფინანსებული იყო კეზერაშვილის და მისი მეგობრების მიერ, კეზერაშვილზე ვფიქრობ, რომ დასასანქცირებელია,“ - განაცხადა კობახიძემ.

Politico- ს ინფორმაციით, რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ.