თორნიკე რიჟვაძე - საზღვარგარეთ ახალგაზრდების განათლების და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, 2023 წელს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება 400 სტუდენტს დაუფინანსდება.

ამის შესახებ რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის მთავრობა აქტიურად აგრძელებს განათლების და ზოგადად ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობას.

,,ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ განათლების და ზოგადად, ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობას. რამდენიმე დღის წინ, გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. მათგან წამოვიდა თხოვნა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების კუთხით. ამიტომ, მინდა ვთხოვო განათლების და ფინანსთა მინისტრებს, რომ გავითვალისწინოთ ახალგაზრდების მისწრაფება, სურვილი და გავაორმაგოთ უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდების განათლების დაფინანსება და მათი ხელშეწყობა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განათლების მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, რაც აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე ახალგაზრდებისთვის სწავლების დაფინანსებაზე.