ევროკავშირი თურქეთის აღსადგენად მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი თურქეთს მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს, რომელიც თებერვლის დასაწყისში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონორთა კონფერენციაზე განაცხადა, რასაც „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა, მიწისძვრების შემდეგ თურქეთსა და სირიას, თითქმის, დაუყოვნებლივ დახმარებოდნენ.

„ევროკავშირმა, მისმა წევრმა ქვეყნებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ერთად აიღეს უდიდესი ვალდებულება. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მხოლოდ ევროკომისია თურქეთს რეაბილიტაციისთვის ერთი მილიარდი ევროთი დაეხმარება,“ - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სირიაში ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციისთვის 180 მლნ ევრო გაიგზავნება, რაც უკვე გამოყოფილ 21 მლნ ევროს დაემატება.

„ვერავინ შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც დაკარგული სიცოცხლეების შემდეგ დადგა, მაგრამ ერთად ჩვენ შეგვიძლია რეკონსტრუქციაც და ხელახლა აშენებაც,“ - ხაზგასმით აცხადებს ფონ დერ ლაიენი.

გაეროს განვითარების პროგრამის შეფასებით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრებით მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 100 მლრდ დოლარს გადააჭარბოს.

თებერვლის დასაწყისში მომხდარმა მიწისძვრებმა თურქეთსა და სირიაში 52 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ