რუმინეთს ევროს შემოღება დაგეგმილზე ადრე სურს

რუმინეთის მთავრობას ევროს შემოღება 2026 წლამდე სურს, რაც 2029 წელს ევროზონაში გაწევრიანების ამჟამინდელ გეგმაზე გაცილებით ადრეა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ ადრიან კაჩიუმ განაცხადა, რასაც Euractiv ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად აღდგენისა და მდგრადობის ეროვნული გეგმა (NRRP) 100%-ით უნდა შესრულდეს და ყველა გათვალისწინებული რეფორმა გატარდეს.

ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებსაც ევროს შემოღება სურთ, მდგრადი ეკონომიკური კონვერგენციის (დაახლოვების) მაღალ ხარისხს უნდა მიაღწიონ. კონვერგენციის კრიტერიუმებში შედის ფასების სტაბილურობა, ჯანსაღი სახელმწიფო ფინანსები, გაცვლითი კურსის სტაბილურობა და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთის კონვერგენცია.

2022 წლის ბოლოს ევროკომისიამ განაცხადა, რომ რუმინეთი ევროს შემოსაღებად აუცილებელ პირობებს არ აკმაყოფილებდა.

2007 წლიდან მთავრობები თანმიმდევრულად დებდნენ პირობას, რომ რუმინეთი ევროზონაში გაწევრიანდებოდა. თუმცა 2021 წელს ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ გაწევრიანება 2029 წლამდე არ მოხდებოდა. ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მრჩეველმა, ადრიან ვასილესკუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეკონომიკური ძალისხმევა ამ ეტაპზე მეტად დიდი და თითქმის შეუსრულებელი იქნება.

2025 წლის იანვრიდან, ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროზონას ბულგარეთი შეუერთდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ